დანიის პრემიერმა ყურანის დაწვაზე კომენტარი გააკეთა: წიგნები უნდა წაიკითხონ
ხუთშაბათს დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა საჯაროდ გააკეთა კომენტარი ყურანის დაწვის კამპანიაზე და თქვა, რომ ის არ ეთანხმება ასეთ ქმედებებს და არ მიიჩნევს მათ აკრძალვას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად.
ამის შესახებ ფრედერიკსენმა ჟურნალ Weekendavisen-თან ინტერვიუში განაცხადა.
დანიის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წიგნის დაწვას არ მიიჩნევს თვითგამოხატვის გამოვლინებად, ამიტომ რელიგიური ტექსტების დაწვის აკრძალვა არ იქნება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
"მე არ მიყვარს წიგნების წვა. და რამდენიმე წლის წინ დანიაში ამას ჯარიმის გარეშე ვერ გააკეთებდით", - თქვა მან და დასძინა, რომ "წიგნები წასაკითხად არის შექმნილი."
ფრედერიკსენმა კონკრეტულად აღნიშნა, რომ ყურანის დაწვა უნდა განიხილებოდეს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რომელიც დადგა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვინაიდან ასეთ ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს "შედეგები უსაფრთხოებისთვის."
მისი თქმით, საუბარია საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციის რისკზე, მაშინ როცა დანია დიდ ძალისხმევას წევს პარტნიორობისა და ალიანსების შესაქმნელად.
მანამდე დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუშვა საპროტესტო აქციების აკრძალვის შესაძლებლობა, რომლებზეც ყურანი ან სხვა რელიგიური ტექსტები იწვება, უსაფრთხოებისა და დიპლომატიური მიზეზების გამო. მსგავს აკრძალვას შვედეთის ხელისუფლებაც განიხილავს.
ევროკავშირმა, დანიასა და შვედეთში ყურანის დაწვის შემდეგ, მსგავსი ქმედებები დაგმო.
შვედეთში ყურანის დაწვამ სტოკჰოლმსა და თურქეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვია. სწორედ თურქეთი ბლოკავს ქვეყნის ნატოში შესვლას.