დასავლური დაზვერვის ცნობით, რუსეთი უკრაინის საზღვართან ავიაციას აგროვებს - Financial Times
დასავლური დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის საზღვართან ავიაციას აგროვებს. ამის შესახებ Financial Times 14 თებერვალს, წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, ნატოს წევრი ქვეყნების სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთის ფედერაციას უკრაინასთან საზღვარზე მიჰყავს სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, რომლებიც, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ სახმელეთო შეტევას.
გაზეთის თანამოსაუბრის თქმით, რუსეთის სახმელეთო ძალები გამოფიტულია, ავიაციის შეგროვება კი იმის ნიშანია, რომ რუსეთის ფედერაციას სურს ომი საჰაერო ბრძოლად გადააქციოს. ამიტომ უკრაინას "გადარჩენისთვის" მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და საბრძოლო მასალა სჭირდება.
მისი თქმით, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა 14 თებერვალს უკრაინის მოკავშირეებს აცნობა რუსული საჰაერო ძალების საფრთხის შესახებ და "ძალიან ნათლად თქვა, რომ ჩვენ გვაქვს მოკლე დრო, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს შეტევისთვის მომზადებაში და მათ აქვთ საკმაოდ კონკრეტული საჭიროებები."
Financial Times-ის თანამოსაუბრეების თქმით, რუსეთის საჰაერო ძალების ავიაციის დაახლოებით 80% გადარჩა და მზად არის ბრძოლისთვის. ნატოს მაღალი რანგის დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ემზადება საჰაერო ოპერაციის დასაწყებად და ახლა ცდილობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურებას.
იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოსტინმა თქვა, რომ პენტაგონს ჯერ არ დაუნახავს იმის ნიშნები, რომ რუსეთი უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმისთვის ემზადება.
"რაც შეეხება იმას, აგროვებს თუ არა რუსეთი თავის თვითმფრინავებს რაიმე სახის მასიური საჰაერო თავდასხმისთვის, ჩვენ ამას ამჟამად ვერ ვხედავთ. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს თვითმფრინავების მნიშვნელოვანი რაოდენობა აქვს ექსპლუატაციაში და მრავალი სხვა შესაძლებლობები გააჩნია. ამიტომაც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ მიიღოს რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა." - განაცხადა მან.