დნესტრისპირეთში სეპარატისტებმა ტერორისტული საფრთხის ‘წითელი დონე’ გამოაცხადეს
დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა ძალებმა რეგიონში მომხდარი აფეთქების შემდეგ ტერორისტული საფრთხის კრიტიკული, „წითელი“ დონე გამოაცხადეს.
კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ტირასპოლთან ახლოს სამ „ტერორისტულ აქტზე“ საუბრობენ.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
26 აპრილის დილით დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა ძალებმა დასახლება მაიაკში ორი აფეთქების შესახებ განაცხადეს, რომლის შედეგადაც კავშირგაბმულობის პუნქტი დაზიანდა.
განცხადების თანახმად, დაზიანებული ორი ანტენა რეგიონში რუსული რადიოს რეტრანსლაციას ახდენდა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია სეპარატისტების უშიშროების უწყებასთან სროლების შესახებ.
22 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთმა სარდალმა რუსტამ მინეკაევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის სამხრეთის ოკუპაციასთან ერთად დნესტრისპირეთთან სახმელეთო მისასვლელის შექმნასაც ისახავს მიზნად.
„იქ ასევე აღინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები“, - განაცხადა მინეკაევმა.
მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონმა, რომელიც მდინარე დნესტრსა და უკრაინას საზღვარს შორისაა მოქცეული, 1992 წელს ხანმოკლე ომის შემდეგ კიშინიოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება დე-ფაქტო მთავრობას, რომელიც კრემლის მიერაა მხარდაჭერილი, არ აღიარებს.
სხვადასხვა მონაცემებით, დნესტრიპირეთში 1500-კაციანი რუსული სამხედრო გარნიზონი დგას.
უკრაინის საზღვაო ქალაქი ოდესა დნესტრისპირეთის ცენტრ ტირასპოლისგან 100 კმ-ზე ნაკლებითაა დაშორებული.