დონბასზე რუსეთის ზამთრის შეტევა ჩაიშალა - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის სამხედრო სარდლობის გეგმები ზამთრის შეტევისას დონბასში კონტროლის გაფართოებაზე ჩაიშალა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაში ვკითხულობთ.

დაზვერვის ცნობით, 2023 წლის 11 იანვარს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა პირადად აიღო უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მეთაურობა.

"გერასიმოვის მეთაურობის ვადა ხასიათდება ზამთრის ზოგადი შეტევის წამოწყების მცდელობებით, რომლის მიზანიც რუსეთის კონტროლის გაფართოებაა მთელ დონბასზე. 80 დღის შემდეგ სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ეს პროექტი ჩავარდა", - აღნიშნავს ბრიტანული მხარე.

მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ დონბასის ფრონტის რამდენიმე სექტორში რუსულმა ჯარებმა მხოლოდ მცირე წარმატებებს მიაღწიეს, ათიათასობით ჯარისკაცის მსხვერპლის ფასად და დიდწილად გაიფლანგა შემოდგომის "ნაწილობრივი მობილიზაციის" შედეგად მოპოვებული დროებითი რიცხობრივი უპირატესობა.

"რუსეთის გენერალური შტაბის უფროსად ყოფნის ათი წლის შემდეგ, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ გერასიმოვი გასცდა იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩავარდნებს აღარ მოითმენს", - ნათქვამია მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები