დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი: ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი „ნებისმიერ მომენტში“ შეიძლება დაიწყოს.
„[ომის შემთხვევაში] პირველ რიგში საკუთარ ძალებს დავეყრდნობით, თუმცა რუსეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვას არ გამოვრიცხავთ“, - ამბობს დენის პუშილინი.
პუშილინის განმარტებით, ომის დაწყება ამინდის პირობებზე არ არის დამოკიდებული:
„ხშირად, შესაძლოა, არახელსაყრელი ამინდი იერიშის დასაწყებად კარგი საფარი იყოს."
ცოტა ხნის წინ Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონეცკელი სეპარატისტების ერთ-ერთმა მეთაურმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას 30 000-მდე სამხედროს გაგზავნა და შეიარაღებით მომარაგება სთხოვეს.
2014 წელს რუსეთის მიერ წაქეზებული და მხარდაჭერილი აგრესიის შედეგად დონბასის რეგიონში ორი სეპარატისტული ტერიტორია - ლუჰანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები შეიქმნა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის საზღვრებთან მასშტაბური სამხედრო მობილიზაციის ფონზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კრემლი დონბასის რეგიონს უკრაინაზე თავდასხმისთვის ერთ-ერთ პლაცდარმად მოიაზრებს.
უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, კრემლის მიერ მხარდაჭერილმა დონეცკელმა და ლუჰანსკელმა სეპარატისტებმა ფრონტის ხაზთან ახლოს მძიმე შეიარაღება - 76 ტანკი და ათეულობით საარტილერიო დანადგარი - განათავსეს.