დონეცკში დაჭრის შემდეგ, როგოზინს სხეულიდან ნამსხვრევები ამოუღეს
როსკოსმოსის ყოფილ ხელმძღვანელს დიმიტრი როგოზინს მოსკოვში წარმატებით გაუკეთეს ოპერაცია, მისი სახეულიდან ამოიღეს ნამსხვრევი, რომელიც დონეცკში დაბომბვის შემდეგ იყო ჩარჩენილი. ამ ინფორმაციას სააგენტო ინტერფაქსი როგოზინის თანაშემწეზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დიმიტრი ოლეგის ძეს ხერხემალზე ჩაუტარდა რთული ოპერაცია უკრაინული საბრძოლო მასალის ფრაგმენტის ამოღების მიზნით", - თქვა მან და აღნიშნა, რომ "ოპერაცია წარმატებით დასრულდა" და როგოზინი "რეაბილიტაციის პროცესშია".
როგოზინი, რომელიც ნოემბრიდან სამეფო მგლების სამხედრო მრჩეველთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა დონბასში, სეპარატისტთა ქვედანაყოფებისთვის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, 22 დეკემბერს დაიჭრა. უკრაინელებმა დონეცკში ის სასტუმრო და რესტორნი დაბომბეს, სადაც როგოზინი დაბადების დღეს აღნიშნავდა.
დაბომბვის შემდეგ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი ხერხემლიდან ფრაგმენტის ამოღება ვერ შეძლეს. მოგვიანებით როგოზინი მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს.