დრონების თავდასხმის საპასუხოდ, მოლდოვამ "რუსული სახლი" დახურა

მოლდოვის ხელისუფლებამ რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის (რუსული სახლი) დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 თებერვალს, გამოაცხადა მოლდოვა-რუსეთის მთავრობათაშორისი შეთანხმების ცალმხრივი დენონსაცია კულტურული ცენტრების შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ, რომელიც 1998 წელს გაფორმდა.
ამის მიზეზად რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა დასახელდა.
მოდლოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ პროცედურის დასრულების შემდეგ, რუსეთის კულტურის ცენტრმა უნდა შეწყვიტოს მოლდოვაში საქმიანობა.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
იმავე დღეს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი კიშინიოვში ოლეგ ოზეროვი. სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ინციდენტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოლდოვასა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
"რუს დიპლომატს ეცნობა, რომ მსგავსი ქმედებები არის ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევა და რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი არამეგობრული ჟესტი," - ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე.
მტკიცებულებად რუსეთის ელჩს აჩვენეს დრონების ფრაგმენტები, რომლებიც მოლდოვის ტერიტორიაზე დაეცა.
"კიდვ ერთხელ მოვუწოდეთ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეაჩერონ მსგავსი დარღვევები და პატივი სცენ მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას." - აღნიშნა სამინისტრომ.
მოლდოვაში რუსული დრონის ნამსხვრევები კვლავ ჩამოვარდა
იმავე დღეს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გამოაქვეყნა რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტის ფოტო.
"შაჰედის დრონებმა დაარღვიეს ჩვენი საჰაერო სივრცე, მათგან ორი ჩვენს ტერიტორიაზე აფეთქდა, რაც საფრთხეს უქმნიდა მოლდოველების სიცოცხლეს," - თქვა სანდუმ.
რუსული უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის ოდესის რეგიონს დაესხნენ თავს, რომელიც მოლდოვას ესაზღვრება. ამავდროულად, ორი მათგანი მოლდოვას ტერიტორიაზე შეფრინდა და იქ აფეთქდა.