ერმაკი: აშშ-ს დახმარების გარეშე უკრაინა ომში დამარცხების საფრთხის წინაშე დგას
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე მისი ქვეყანა ომში დამარცხების სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.
ამის შესახებ ანდრეი ერმაკმა ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში გამოსვლის დროს განაცხადა.
"ჩვენ გაგვიჭირდება ამჟამინდელი პოზიციების შენარჩუნება და უბრალოდ გადარჩენა",- განაცხადა ერმაკმა.
კონტექსტი
ანდრე ერმაკის ვიზიტი ვაშინგტონში უკრაინის საკითხზე შექმნილი ჩიხური მდგომარეობის ფონზე იმართება - რესპუბლიკელები მოითხოვენ უკრაინის დახმარების საკითხი სამხრეთ საზღვარზე ვითარების გაუმჯობესებას და საზღვრის კვეთის გამკაცრების ზომებს დაუკავშირდეს.
4 დეკემბერს თეთრი სახლის საბიუჯეტო სამმართველოს დირექტორმა კონგრესი გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი დაფინანსება წლის ბოლომდე ამოიწურება.
"არ არსებობს არანაირი ჯადოსნური სკივრი ფულით, ჩვენ თანხები უბრალოდ ამოგვეწურა და თითქმის ამოგვეწურა დროც",- ნათქვამია შალანდა იანგის წერილში.