ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა თბილისში მიმდინარე აქციების შესახებ X-ზე განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოში ამ დილითაც, ისევ საგანგაშო სურათია. ძალის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ პროტესტის უფლებას, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევა. ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა." - წერს ცაჰკნა.

კონტექსტი

28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. 

"ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

28 ნოემბრიდან თბილისში პერმანენტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

საპოლიციო დანაყოფებმა მშვიდობიანი აქციები ძალადობრივად დაშალეს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძე დაწერა, რომ ორგანიზაციამ 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი.

ერთი დღით ადრე, 28-29 ნოემბრის ღამეს, კლინიკებში გადაიყვანეს 33 დაშავებული პირი.

ბოლო 3 დღის განმავლობაში, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ძალოვანების ქმედებები "რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ."

30 ნოემბერს, ღამით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა "რეალპოლიტიკას" რედაქტორს, აკა ზარქუას.

მსგავსი სიახლეები