სომხეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ჩატარდა: რა უნდა ვიცოდეთ?
ორშაბათს, სომხეთმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტს უმასპინძლა, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. სომხეთი კავკასიის პირველი ქვეყანაა, რომელიც სამიტს მასპინძლობს.
ვითარების არსი: ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნეს.
- დღის წესრიგის თანახმად, დისკუსიები ფოკუსირებული იყო "დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებაზე, კავშირების განვითარებაზე, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ასევე უსაფრთხოების ცვალებად დინამიკასა და რეგიონულ გამოწვევებზე."
- სამიტს ესწრებოდა არაევროპული ქვეყნის, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი.
- გარდა ამისა, ერევანს ეწვია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
- ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ეწვია სომხეთს.
ჩაშლილად: სამიტს ასევე დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - ეს იყო მისი პირველი ვიზიტი სომხეთში და პირველი შემთხვევა 2002 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანას ეწვია.
- სომხეთში ჩავიდა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ჯევდეთ ილმაზი, რაც მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა, რადგან ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ.
- აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამიტში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდა.
- ფაშინიანმა თავის გამოსვლაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამიტი იყო ალიევის პირველი მონაწილეობა სომხეთში გამართულ ღონისძიებაში, "თუმცა ონლაინ."
- "მაგრამ იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა აზერბაიჯანს 2028 წელს, EPC-ის მე-10 სამიტზე ვეწვიო," - თქვა ფაშინიანმა და ხაზი გაუსვა, რომ ორმა ქვეყანამ "ორმხრივად დაუჭირა მხარი" ერთმანეთის კანდიდატურას სამიტების მასპინძლობაზე.
სტრიქონებს შორის: გარდა ამისა, სომხეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ ერევანში ბელგიის საელჩოს გახსნის ცერემონიას.
- ამასთანავე, 3 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააზიარა ფაშინიანთან ერთად ერევანში გასეირნების კადრები.
- ხოლო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე გამოსვლისას, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის გლობალური აღქმა და როლი შეცვალა.
- "მე ვფიქრობ, ის სამუშაო რაც ბოლო წლებში ნიკოლმა (ფაშინიანი - რედ.) გასწია, ძალიან შთამბეჭდავია მოდით, გულწრფელები ვიყოთ: რვა წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა. რვა წლის წინ მოლაპარაკებების მაგიდასთან ეს ქვეყანა განიხილებოდა, როგორც რუსეთის დე-ფაქტო სატელიტი." - აღნიშნა მაკრონმა
დიდი სურათი: გარდა ამისა, ფაშინიანმა და სტარმერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სომხეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
- ამავე პერიოდში, ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 4-5 მაისს ერევანში ჩატარდება. სამიტს დაესწრებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
- EPC-ის წინ გამართულ ბრიფინგზე, კალასმა აღნიშნა, რომ სომხეთი "თავად იღებს" გადაწყვეტილებებს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლო განაცხადთან დაკავშირებით.
- "რა თქმა უნდა, ევროპული პერსპექტივა მაგიდაზეა და სომხეთი თავად გადაწყვეტს," - თქვა კალასმა.