ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველები შესაძლოა გააძევოს
ესტონეთის იმ მაცხოვრებლების დეპორტაციას გეგმავს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტენ. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა რიიგიკოგუს (პარლამენტის) წევრის, ალექსანდრ ჩაპლიგინის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
"ესტონეთში მცხოვრები პირი, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის მიღებას იმ დროს გადაწყვეტს, როდესაც რუსეთი უკრაინის სახელმწიფოს თავს ესმის, მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციის ფარგლებში, ის მზად არის შეუერთდეს რუსეთის არმიას და მონაწილეობა მიიღოს უკრაინაზე თავდასხმაში, ეს უკვე საფრთხეს უქმნის ესტონეთის უსაფრთხოებას და ძალიან მკაფიო სიგნალია, რომლის იგნორირებაც ესტონეთის სახელმწიფოს არ შეუძლია," - განაცხადა კალასმა.
მანამდე ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლაენემეცმა განაცხადა, რომ ესტონეთის ხელისუფლება სწავლობს, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანების დეპორტაცია, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტეს.
დეპუტატმა ჩაპლიგინმა თავის შეკითხვაში პრემიერს სთხოვა აეხსნა, არსებობს თუ არა მსგავსი ნაბიჯის სამართლებრივი საფუძველი. კალასის თქმით, გადაწყვეტილების საფუძველი იქნება ის ფაქტი, რომ პირმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ესტონეთის უსაფრთხოებას.
"გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის გაუქმებას წინ უძღვის ინდივიდუალური პროცედურა, რომლის დროსაც კანონის შესაბამისად დგინდება, უქმნის თუ არა საფრთხეს უცხოელი საზოგადოებრივ წესრიგსა და ესტონეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ესტონეთის ხელისუფლების განცხადებით, შემუშავებული ინიციატივა გავლენას არ მოახდენს იმ მაცხოვრებლებზე, რომლებსაც უკვე აქვთ რუსეთის მოქალაქეობ. საუბარია ქვეყანაში მცხოვრებ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებზე, რომლებსაც 30 წელია არანაირი მოქალაქეობა არ მიუღიათ.
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ესტონეთში 64 ათასზე მეტი ასეთი ადამიანი იყო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 4.7%-ს შეადგენს.