სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ბრიუსელში შეხვდებიან
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ამ შაბათ-კვირას ბრიუსელში მოლაპარაკებებს გამართავენ. ვაშინგტონში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ, გაჩნდა მოლოდონი, რომ მხარეებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას და ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი დაასრულონ.
Financial Times დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლებს.
ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა POLITICO-ს დაუდასტურა, რომ მოლაპარაკებები 13-14 მაისს არის დაგეგმილი, მაგრამ დღის წესრიგი ჯერ ოფიციალურად არ არის დამტკიცებული. როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობების გაგრძელება, ბრიუსელის ფორმატში სამმხრივი შეხვედრების განახლება და მნიშვნელოვანი და პოზიტიური სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი გაგრძელება, რომელიც გასულ კვირას ვაშინგტონში გაიმართა", - თქვა ევროკომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
კავკასიის ორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი თვის დასაწყისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შუამავლობით შეხვდა.
19 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს.
აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით Politico-ს განუცხადა, რომ ბაქო მიესალმება ფაშინიანის განცხადებას და იმედოვნებს, რომ ის მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს "ჯარის გაყვანას" მთიანი ყარაბაღიდან.
სომხეთი მთიან ყარაბაღში მისი სამხედროების ყოფნას უარყოფს და აცხადებს, რომ იქ მხოლოდ ყარაბაღის თავდაცვის ძალები იმყოფებიან.