ევროკავშირი: უკრაინის აღდგენას 500-600 მლრდ ევრო დასჭირდება
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი აცხადებს, რომ ომისგან დანგრეული უკრაინის აღდგენას 500-დან 600 მილიარდ ევრომდე დასჭირდება.
ბრიუსელი ამ თანხის „დიდი ნაწილის“ დასაფარად მზადაა, განაცხადა დომბროვსკისმა მაროკოში პრეს-კონფერენციაზე.
„[უკრაინის დახმარებას] საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კოორდინაცია დასჭირდება და ევროკავშირი მზადაა, ეს ითავოს“, - ამბობს ევროკავშირის მაღალჩინოსანი.
დომბროვსკისი კიევისთვის გაწეული დახმარების სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაზე მიბმას უჭერს მხარს, რომელიც უკრაინას - როგორც წევრობის კანდიდატ ქვეყანას - შეიძლება დაევალოს.
მანამდე ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის „მარშალის გეგმის“ მსგავსი პროგრამის შეთავაზებაზე ისაუბრეს.
ბრიუსელში უკვე გაჟღერდა წინადადებები გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის და ამ სახსრებით უკრაინის დახმარების შესახებ.
9 მაისს პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის დახმარების მასშტაბურ პროგრამას - ლენდ-ლიზის აქტს - მოაწერა ხელი.