ევროკავშირის ქვეყნებმა გაზსაცავები 88%-ით შეავსეს
ევროკავშირის ქვეყნებმა თითქმის სრულად შეავსეს გაზსაცავები. ამ ინფორმაციას რადიოსადგური RMF FM ავრცელებს.
"იმ ღონისძიებების წყალობით, რომლებსაც ენერგეტიკის სექტორში ვატარებთ, ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში და უკეთ მომზადებულები ვართ მომავალი ზამთრისთვის," - ციტირებს გამოცემა ევროკომისიის წარმომადგენელს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვინარჩუნებთ სიფხიზლეს და სრულად ვაცნობიერებთ პოტენციურ რისკებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ზამთრისთვის მოსამზადებლად, რათა უზრუნველვყოთ ენერგოუსაფრთხოება და ევროკავშირში ენერგიაზე ხელმისაწვდომობა," - განაცხადა მან.
მისი თქმით, "დღეის მდგომარეობით" ევროკავშირის ქვეყნებმა გაზსაცავები 88%-ით შეავსეს.
გასულ წელს მიღებული ახალი მიზნების მიხედვით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 1 ნოემბრამდე თავიანთი საცავები 90%-ით უნდა შეავსონ.
გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებმა 1 ნოემბრისთვის მარტივად გადააჭარბეს მაშინ დასახულ 80%-იან სამიზნე ნიშნულს. შემდეგ საცავის პიკური შევსების დონემ მათი სიმძლავრის 95%-ს მიაღწია.
გასულ წელს, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს სთხოვა 15%-ით შეემცირებინათ გაზის მოხმარება 2022/2023 წლის ზამთრის გადასატანად. ამ მცდელობების შედეგად თითქმის 18%-ით შემცირდა გაზზე მოთხოვნილება.