ევროკავშირის საჯარო მოხელეები ისრაელისთვის იარაღის ემბარგოს დაწესებას ითხოვენ
ევროკავშირის 1 500-ზე მეტმა საჯარო მოხელემ ხელი მოაწერა წერილს, რომელიც ბლოკის ლიდერებს მათი სამართლებრივი ვალდებულების შესახებ აფრთხილებს, წვლილი შეიტანონ მშვიდობაში, დაიცვან ადამიანის უფლებები - მათ შორის ბავშვების უფლებები - და უზრუნველყონ საერთაშორისო სამართლის დაცვა ღაზაში.
ამის შესახებ EU Observer წერს.
წერილი კარგად ასახავს ევროკავშირის ინსტიტუტებში საჯარო მოხელეების მზარდ უკმაყოფილებას ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკის მიმართ.
"როგორც ევროკავშირის თანამშრომლები და ევროკავშირის მოქალაქეები ველით, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა მაგალითს მისცემს და დაემორჩილება ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებას," - ნათქვამია წერილში, რომელიც ბელგიის პრემიერ-მინისტრს და ევროკავშირის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ალექსანდრ დე კროს ევროკავშირის სამიტის წინ გაუგზავნეს.
წერილში ხაზგასმულია, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი "თითქმის უტოლდება ევროკომისიის თანამშრომლების მთლიან რაოდენობას."
თანამშრომლები ისრაელის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს დაწესებას და ევროკავშირისა და ისრაელის თანამშრომლობის შეთანხმების შეჩერებას მოითხოვენ. საჯარო მოსამსახურეები აცხადებენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ვერ გამოიყენეს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რათა გავლენა მოახდინონ ისრაელის ხელისუფლებაზე, რათა მან შეასრულოს საერთაშორისო სამართლით დაკისრებული ვალდებულებები.
შედეგად, ისრაელს აქვს წვდომა ევროკავშირის მთელ რიგ პროგრამებზე, დაფინანსებაზე და შეთანხმებებზე, "პალესტინელების მდგომარეობის რაიმე ხელშესახები პროგრესის გარეშე, რომ აღარაფერი ვთქვათ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე."
1500 საჯარო მოხელე ევროკავშირს მოუწოდებს გამოიყენოს ყველა ბერკეტი ისრაელში და ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციების დასასრულებლად, ისეთი ზომების გატარებით, როგორიც რუსეთის მიმართ გატარდა უკრაინის გამო.