ფაშინიანი: სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის.
ამის შესახებ მან ჩეხურ ტელევიზია CNN Prima News-თან ინტერვიუში 4 მაისს, ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა, მაგრამ ინტერვიუ მხოლოდ ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ხოლო ხუთშაბათს თავად ფაშინიანმა გამოაქვეყნა ფეისბუქზე.
"ამაზე არასდროს მისაუბრია ხმამაღლა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ცხადია: უკრაინასთან ომში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე. და ჩვენი ემოცია ამ ომზე, ამ კონფლიქტზე არის შფოთვა, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზე." - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
მისი თქმით, მაშინ, როცა დასავლეთში ერევანი მოსკოვის მოკავშირედ ითვლება, თავად მოსკოვს განსხვავებული აზრი აქვს და "თურმე ამ სიტუაციაში არავის მოკავშირე არ ვართ, რაც ნიშნავს, რომ დაუცველები ვართ."
"როგორც ჩანს, ყველა ამ დაპირისპირებაში მანევრირების გზა არსებობს, მაგრამ ისიც მართალია, რომ რაც უფრო რთულდება სიტუაცია, მით უფრო ვიწროვდება მანევრირების შესაძლებლობა. ჩვენ მანევრირებას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ სიტუაციაზე აზრი არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი საზრუნავი გვაქვს, რაც არ გვაძლევს საშუალებას უფრო მეტად ჩავერთოთ სხვა პრობლემების მოგვარებაში", - განაცხადა ფაშინიანმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოსკოვის პოზიციის გამო გაუარესდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ კონტროლირებული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აზერბაიჯანის აგრესიაზე უმოქმედობაში დაადანაშაულა და საჯაროდ დაუშვა მისგან გასვლა.