ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი დიქტატორის ვაჟი იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი დიქტატორის ვაჟმა, ფერდინანდ მარკოსმა გაიმარჯვა. ამ დროის მონაცემებით ბონგ-ბონგ მარკოსმა - სწორედ ამ მეტსახელით იცნობენ პრეზიდენტობის კანდიდატს - 15 მილიონი ხმა დააგროვა. 

მარკოსის მთავარმა მოწინააღმდეგემ, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, ლერი რობრედომ 8.5 მილიონი ხმა მიიღო. 

როგორც წინა საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში წელსაც ხმების დათვლის პროცესს რამდენიმე დღე დაჭირდება, თუმცა უკვე მაღალი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ხელისუფლებაში მარკოსების კლანი ბრუნდება. 

მარკოსის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯერ კიდევ მოქმედი ლიდერის, როდრიგო დუტერტეს შვილი, სარა დუტერტე იყო, რამაც მის გამარჯვებაში გარკვეული წვლილი შეიტანა. 

ვინ არის ფერდინანდ მარკოსი?

64 წლის ბონგ-ბონგ მარკოსი აწ უკვე გარდაცვლილი ყოფილი დიქტატორის, ფერდინანდ მარკოსის უმცროსი ვაჟია. მარკოსი ფილიპინებს 21 წლის განმავლობაში მართავდა და საბოლოოდ 1986 წელს სახალხო გამოსვლების შედეგად მისი რეჟიმი დაემხო. 

ფერდინანდ მარკოსის მმართველობა თავგასულობის, კორუმპირებულობის და ავტოკრატიის სიმბოლოდ იქცა. მარკოსების მმართველობას თან ახლდა საომარი მდგომარეობის გამოცხადება, რომელიც თითქმის 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროშიც სახელმწიფომ სრულ კონტროლს დაუქვემდებარა სასამართლოები, მედია, დააპატიმრეს და აწამეს ათასობით უფლებადამცველი და აქტივისტი. 

რეჟიმის ერთ-ერთ სახეს დიქტატორის ცოლი, იმელდა მარკოსი წარმოადგენდა, რომელიც ქვეყანაში დიდი გავლენით სარგებლობდა. იმელდა მარკოსი მონაწილეობდა ქმრის კორუფციულ სქემებში და სხვადასხვა მონაცემებით, ხელისუფლებაში ყოფნის წლებში, 10 მილიარდ დოლარამდე მოცულობის ქონებაც დააგროვა. 

1986 წელს მარკოსების რეჟიმის დამხობის შემდეგ, საპრეზიდენტო სასახლებში აღმოჩენილი იმელდა მარკოსის ძვირფასი ფეხსაცმელებისა და ტანსაცმელების უზარმაზარი კოლექცია, მარკოსების კლეპტოკრატიის სიმბოლოდ იქცა.

მარკოსები ფილიპინებში 1990 წელს დაბრუნდნენ, ამ დროიდან მოყოლებული ბონგ-ბონგ მარკოსი აქტიურადაა დაკავებული პოლიტიკური საქმიანობით. მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ფილიპინებისთვის ძველი დიდების დაბრუნება და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. 

 

მსგავსი სიახლეები