ფინეთმა რუს ოლიგარქ როტენბერგს ანგარიშები გაუყინა
ჰელსინკის საქალაქო სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქვედა პალატის გადაწყვეტილება და რუსი ოლიგარქის, არკადი როტენბერგის კომპანიასთან დაკავშირებული ანგარიშის გაყინვა დაუშვა. ამის შესახებ 17 მაისს ფინური გაზეთი Helsingin Sanomat წერს.
გამოცემის ცნობით, საუბარია ფინურ კომპანიასთან გარიგებაზე, რომელმაც მინერალური სასუქები დუბაიში შეიძინა. ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში, სასამართლომ Dubai Agricultural Minerals DMCC-ის 323 ათასი ევრო დააყადაღა, რადგან გადაწყვიტა, რომ როტენბერგს ამ თანხაზე პირდაპირი ან ირიბი წვდომა ჰქონდა.
რაიონულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა პროკურატურას და თანხის ყადაღა აღადგინა. სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო მედიის გამოძიება, რომელშიც ჩანს, რომ დუბაიში რეგისტრირებული კომპანია ფაქტობრივად რუსული სააქციო საზოგადოება Минудобрения-ს სახელით მოქმედებდა, რომელსაც როტენბერგი აკონტროლებს.
მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ Agricultural Minerals-ს სთხოვა, წარმოედგინა დოკუმენტები, რომ ფული სანქცირებულ პირს არ გადაერიცხებოდა, კომპანიამ ეს არ გააკეთა.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, ფინეთი აქტიურად ყინავს რუსი ოლიგარქების და სანქციების ქვეშ მყოფი სხვა პირების აქტივებს.
Helsingin Sanomat-ის ცნობით, აპრილის ბოლოსთვის, ჯამში, დაახლოებით 244 მილიონი ევროს ღირებულების 1710 ფიზიკური თუ იურიდიული პირის ქონებაა დაყადაღებული.