ფრანგი რესპუბლიკელები საპრეზიდენტო კანდიდატს ირჩევენ
ფრანგი „რესპუბლიკელები“ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატს ირჩევენ.
მემარჯვენე-კონსერვატიული პარტიის პრაიმერიზის პირველი ტური ოთხშაბათს გაიმართა.
ამ რაუნდის შედეგებით, მეორე ტურში ერთმანეთს ერიკ სიოტი (ხმების 25,59 %) და ვალერი პეკრესი (ხმათა 25 %) შეერკინებიან.
„ბრექსითის“ ყოფილ მომლაპარაკებელს, მიშელ ბარნიეს კანდიდატურას მხარი რესპუბლიკელების 23,93 %-მა დაუჭირა, ხოლო ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი გზავიე ბერტრანი 22,96 %-ით მეოთხე ადგილზე გავიდა.
სიოტი, ეროვნული ასამბლეის წევრი ზღვისპირა ალპების ოლქიდან, ანტიმიგრაციული და ულტრამემარჯვენე ხედვებით გამოირჩევა.
ილ-დე-ფრანსის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ვალერი პეკრესი პარტიის ზომიერი ფრთის წარმომადგენლებს შორისაა პოპულარული. მეორე ტურში მას უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს ბერტრანმა და ბარნიემ.
კენჭისყრაში მონაწილეობა პარტიის 150 000-მდე წევრს შეეძლო.
მეორე, გადამწყვეტ ტურში, გამარჯვებული შაბათს გამოცხადდება.
„რესპუბლიკელებს“ - რომლებიც თავს შარლ დე გოლის პარტიად მიიჩნევენ - გადატვირთულ საარჩევნო ველზე ასპარეზობა მოუწევთ.
ცოტა ხნის წინ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა ერიკ ზემურმა, ულტრამემარჯვენე ხედვებით გამორჩეულმა პუბლიცისტმა.
კონსერვატიული გამოცემა „ფიგარო“ წერს, რომ „რესპუბლიკელებს“ თავის დამკვიდრებისთვის ფრანგებისთვის ზემურის „გამბედავი და აგრესიული“ ალტერნატივის შეთავაზება მოუწევთ.
2017 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პარტიის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი ბევრ წარმატებას აღწევდა, თუმცა ფინანსურ სკანდალში გახვევამ მისი საპრეზიდენტო პერსპექტივა დაასამარა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევით, მომავალი წლის არჩევნებში პრეზიდენტობის ყველაზე მეტი შანსი ქვეყნის მოქმედ ლიდერს, ემანუელ მაკრონს აქვს - მას ფრანგების 24 % დაუჭერდა მხარს. მაკრონს რეიტინგში 18 %-ით „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი, ერიკ ზემური (14%) და გზავიე ბერტრანი (14 %) მოსდევენ.