ФСБ-ს განცხადებით, რუსი პროპაგანდისტის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) განცხადებით, მოსკოვში „ნეონაცისტური დაჯგუფების“ მიერ ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს.

ФСБ-ს ვერსიით, რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია National Socialism/White Power (ეროვნული სოციალიზმი/თეთრი ძალა) წევრები რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, რის შემდეგაც „უცხოეთში მიმალვას“ აპირებდნენ.

მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა (СК) განაცხადა, რომ სოლოვიოვის საქმეზე დაკავებულია ექვსი პირი, რომლებიც ჟურნალისტის „ავტომობილის აფეთქებას აპირებდნენ“.

რუსეთის სპეცსამსახურები სოლოვიოვზე თავდასხმის ორგანიზებაში უკრაინის უშიშროების სამსახურს (СБУ) სდებენ ბრალს.

უკრაინის უშიშროება რუსეთის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

„არ ვაპირებთ სერიოზულად გამოვეხმაუროთ რუსული სპეცსამსახურების ახალ ფანტაზიებს, რომლებიც რუსული აუდიტორიისთვის მორიგ მიღწევებს იგონებენ“, - ნათქვამია СБУ-ს რელიზში.

დღეს რუსეთის გენპროკურატურაში ვიზიტისას ვლადიმირ პუტინმა „ერთ-ერთ ცნობილ რუს ჟურნალისტზე თავდასხმის მცდელობაზე“ ისაუბრა, თუმცა ჟურნალისტის ვინაობა არ დაუსახელებია.

ვლადიმირ სოლოვიოვი რუსი ტელე- და ინტერნეტ-ჟურნალისტია, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსული სამთავრობო პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სოლოვიოვი დასავლური საერთაშორისო სანქციების ქვეშ აღმოჩნდა.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები