FT: მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი უკრაინის დენაციფიკაციას აღარ ითხოვს

რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში აღარ ითხოვს უკრაინის დენაციფიკაციას. ამავდროულად რუსეთი მზად არის უკრაინის გაწევრიანებას ხელი არ შეუშალოს ევროკავშირში უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ. 

ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული Financial Times ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კიევი მზად არის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უარი თქვას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. 

ამავდროულად, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამუშაო ვერსია არ შეიცავს რუსეთის მხრიდან თავდაპირველად წამოყენებულ სამ მოთხოვნას - დენაციფიკაციას, დემილიტარიზაციას და საკანონმდებლო გარანტიებს რუსული ენისთვის. 

ასევე, უკრაინისთვის ასე საჭირო უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას უკრაინული დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, დავიდ არახამიას თქმით, განიხილება ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი მექანიზმი. 

არახამიას თქმით, უსაფრთხოების გარანტორებად მოიაზრებიან აშშ, რუსეთი, თურქეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა, გერმანია, იტალია, პოლონეთი, ისრაელი და ჩინეთი.

არახამიას თქმით, საერთაშორისო გარანტორებისგან თანხმობა ჯერჯერობით არ არსებობს, ამის გარეშე კი შეთანხმება წარმოუდგენელი იქნება. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამგვარი გარანტიები აუცილებლად დამტკიცებული და რატიფიცირებული უნდა იყოს თითოეული გარანტორი სახელმწიფოს პარლამენტების მიერ. 

ამასთანავე ზელენსკის თქმით, ნებისმიერი შეთანხმებისთვის უკრაინაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელზეც გამოტანილი იქნება შეთანხმების სხვადასხვა საკითხები. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას. 

კიდევ ერთ გადაუჭრელ და მწვავე პრობლემად რჩება უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი - რუსეთის ფედერაცია უკრაინისგან ითხოვს ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის ცნობას და ამავდროულად დონბასის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას. 

არახამიას თქმით, უკრაინა რუსეთის ამ ულტიმატუმს არასდროს დათანხმდება. 

 

მსგავსი სიახლეები