გაერთიანებული არაბული საამიროები ირანში ელჩს აბრუნებს
გაერთიანებული არაბული საამიროები ირანში ელჩს უახლოეს დღეებში დააბრუნებს.
სპარსეთის ყურის გავლენიანმა ქვეყანამ ირანთან ურთიერთობა 2016 წელს გაწყვიტა, როცა ირანელმა დემონსტრანტებმა ირანში საუდის არაბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები დაარბიეს.
ირანელების პროტესტი მაშინ საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის, ნიმრ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯას მოჰყვა.
საამიროებმა ირანთან ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაცია 2019 წელს დაიწყო, როცა თეირანის მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
გასულ წელს თეირანთან ურთიერთობების გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო ერ-რიადმაც.
ცოტა ხნის წინ ირანში დესპანი დააბრუნა ქუვეითმა.
საამიროები რეგიონში მრავალმხრივი დიპლომატიის პოლიტიკას ეწევა.
2020 წელს სპარსეთის ყურის ქვეყანამ ურთიერთობები დაამყარა ისრაელთან.
2018 წელს საამიროებმა სირიაში დიპლომატიური წარმომადგენლობა ხელახლა გახსნა, რომელსაც წელს აბუ-დაბიში სირიის დიქტატორის, ბაშარ ასადის ვიზიტი მოჰყვა.