გენერალი, რომელიც მარიუპოლის ალყას მეთაურობდა თანამდებობიდან გადააყენეს
გენერალ-პოლკოვნიკი, მიხაილ მიზინცევი, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე მარიუპოლის ალყას ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადააყენეს.
მიზინცევი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არმიის მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებაზე იყო პასუხისმგებელი და ამ თანამდებობაზე გასული წლის სექტემბერში დაინიშნა.
მიზინცევის გადაყენების შესახებ Z-ბლოგერები გასულ დღეებში აქტიურად წერდნენ, თუმცა გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ოფიციალურად მხოლოდ დღეს გახდა.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უარი განაცხადა საკითხის კომენტირებაზე.
კონტექსტი
მიხაილ მიზინცევმა უმაღლესი განათლება კიევის სამხედრო სასწავლებელში მიიღო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან მიზინცევი თავდაცვის ძალების ნაციონალური შტაბის ხელმძღვანელის რანგში ქალაქ მარიუპოლის ალყას ხელმძღვანელობდა.
სხვადასხვა მონაცემებით მარიუპოლში რუსეთის არმიის მოქმედებას ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ემსხვერპლა.
2022 წლის სექტემბერში შოიგუს ერთ-ერთი მოადგილის, დმიტრი ბულგაკოვის გადაყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს ეშელონებში საკადრო ცვლილების პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა იყო.