გერმანელმა ქრისტიან დემოკრატებმა მნიშვნელოვან რეგიონულ არჩევნებში გაიმარჯვეს
გერმანიის მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ საქსონია-ანჰალტის მიწაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ ხმების 37.1% მიიღო, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 6.2%-ით მეტია.
მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტია AFD გავიდა ხმების 20.8%-ით.
ამ შედეგით ქრისტიან-დემოკრატები საქსონია-ანჰალტის ხელისუფლებაში დარჩებიან და სხვა პატარა პარტიებთან კოალიციას შექმნიან.
აღნიშნული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ქრისტიან-დემოკრატების ახალი ლიდერის, არმინ ლაშეტისთვის.
მმართველი პარტია საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ბოლო თვეებში მუდმივად კარგავდა ხმებს, საპირისპიროდ კი მწვანეების მხარდაჭერა იზრდებოდა. აღმოსავლეთ გერმანიაში მათი მთავარი კონკურენტი ულტრამემარჯვენე პარტია AFD-ა, რომელსაც წინა არჩევნებთან შედარებით მხარდაჭერის მცირე კლება ჰქონდა.
ქრისტიან-დემოკრატების წარმატების ერთ-ერთი მიზეზი საქსონია-ანჰალტის პრემიერის და პარტიის ადგილობრივი ლიდერის რაინერ ჰასელოფის პოპულარობაა, რომელიც მიწას 2011 წლიდან მართავს.
მმართველმა პარტიამ ხმების მობილიზება ულტრამემარჯვენე კონკურენტის მთავარ ოპონენტად პოზიციონირებით შეძლო. დასავლეთ გერმანიაში მზარდმა მწვანეთა პარტიამ საქსონია-ანჰალტში ხმების მხოლოდ 5.9% მიიღო, სოციალ-დემოკრატებმა - 8.4%, ხოლო აღმოსავლეთში ტრადიციულად ძლიერმა ულტრამემარცხენე პარტია “ლინკემ” - 11%.
წარმატებული არჩევნები ჰქონდათ მემარჯვენე ლიბერალ “თავისუფალ დემოკრატებს” - პარტიამ ხმების 6.4% მიიღო, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 1.6%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ “თავისუფალმა დემოკრატებმა” წინა არჩევნებზე ბარიერი ვერ გადალახეს.