გერმანელთა 58% უკრაინისთვის ტანკების გადაცემას, 62% ევროკავშირში მიღებას ემხრობა
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ZDF) დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად, გერმანელების უმრავლესობა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემისა და უკრაინის ევროკავშირში მიღების მომხრეა.
კითხვაზე, "რას ფიქრობთ გერმანიის მიერ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების, მათ შორის, ტანკების გადაცემაზე?", გამოკითხულთა 58% პასუხობს, რომ ეს სწორად მიაჩნია, 34%-ის თანახმად კი ეს არასწორია.
"უნდა მიიღონ თუ არა უკრაინა მომდევნო წლებში ევროკავშირში?" - ამ კითხვაზე დადებითი პასუხი 62%-მა გასცა, უარყოფითი - 29%-მა.
კვლევის პარტიულ-პოლიტიკურ ნაწილში ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეიტინგის ვარდნა კიდევ ერთხელ დასტურდება.
გამოკითხვაში პირველ ადგილზე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირია 26%-ით, მეორეზე კი 24%-ით მწვანეები არიან. კანცლერის პარტია 22%-ით მხოლოდ მესამე ადგილზეა.