გერმანიამ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა დაბლოკა - Bild

გერმანიამ ისრაელისთვის ახალი იარაღის მიყიდვა დაბლოკა, იმის შიშით, რომ ის შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენონ.

ამის შესახებ Politico და Bild წყაროებზე დაყრდნობით წერენ.

გერმანიაში იარაღის ექსპორტზე გადაწყვეტილებას ფედერალური უშიშროების საბჭო იღებს, რომელიც ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან შედგება.

Bild-ის ცნობით, გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თავი შეიკავეს ისრაელში იარაღის ექსპორტის დამტკიცებისგან და მოითხოვეს მისგან გარანტია, რომ გერმანულ იარაღს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებენ.

"ისრაელისთვის იარაღის მიწოდება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს შეესაბამება. ამ ვალდებულების მოთხოვნის მიზეზი არის ის, რომ გერმანიის ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეიძლება ექსპორტი შეაჩეროს," - ციტირებს Politico ინფორმირებულ წყაროს.

მან გაიხსენა, რომ გერმანიის მთავრობის წინააღმდეგ უკვე აღძრულია რამდენიმე სარჩელი ისრაელში იარაღის ექსპორტის შეწყვეტის მოთხოვნით, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ის არღვევს კანონს, რომლის მიხედვითაც ასეთი იარაღის გამოყენება არ შეიძლება სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმისთვის.

"ეს საფრთხე გამართლებულია და უნდა აღმოიფხვრას," - უთხრა წყარომ Politico-ს.

ოფიციალური მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 21 აგვისტომდე გერმანიამ ისრაელში 14.5 მილიონი ევროს ღირებულების იარაღის ექსპორტი დაამტკიცა. თუმცა, მათგან მხოლოდ 2% იყო "საბრძოლო იარაღი," დანარჩენი კი იყო არალეტალური სამხედრო ტექნიკა, როგორიცაა ჩაფხუტი, დამცავი ჟილეტები და საკომუნიკაციო აღჭურვილობა.

შედარებისთვის: 2023 წელს გერმანიამ ისრაელში 326.5 მილიონი ევროს იარაღის ექსპორტი დაამტკიცა.

ამავდროულად, გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც "უახლოეს მომავალში" ისრაელისთვის იარაღის შემდგომ მიწოდებას უზრუნველყოფდა.

მსგავსი სიახლეები