გერმანიაში რუსული ნავთობის იმპორტი 99.9%-ით შემცირდა

რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს მეორე ეტაპის ძალაში შესვლის შემდეგ, გერმანიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება პრაქტიკულად შეწყვიტა. 2023 წლის იანვარში გერმანიამ მხოლოდ 3500 ტონა რუსული ნავთობი იყიდა.

ამ ინფორმაციას 13 მარტს გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

2022 წლის იანვარში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, გერმანიამ რუსეთიდან 2.8 მილიონი ტონა ნავთობი მიიღო.

"რუსეთიდან ნავთობის იმპორტი პრაქტიკულად შეწყდა. მათემატიკურად 99.9 პროცენტით შემცირდა", - აღნიშნეს სტატისტიკოსებმა. შედეგად, გერმანიის ნავთობის მთლიან იმპორტში რუსეთის წილი გასული წლის იანვრის 36.5%-დან 0.1%-მდე დაეცა. 

ზოგადად, მიმდინარე წლის იანვარში გერმანიაში 2.8 მილიარდი ევროს ღირებულების 6.2 მლნ ტონა ნავთობი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცულობით 20.5%-ით ნაკლებია, ღირებულებით კი - 9.8%-ით. 

რუსული ნავთობი გერმანიამ ძირითადად ნორვეგიული ნავთობით ჩაანაცვლა. ამ ქვეყნიდან იმპორტი 44%-ით გაიზარდა და 987 000 ტონა შეადგინა.

გერმანიაში ნავთობის იმპორტი დიდი ბრიტანეთიდან (42%-ით, 959 ათას ტონამდე) და ყაზახეთიდანაც (34.6%-ით, 928 ათას ტონამდე) გაიზარდა.

გერმანიისთვის ნავთობის სხვა მნიშვნელოვანი მიმწოდებლები აშშ (884 ათასი ტონა) და არაბთა გაერთიანებული საამიროები (510 ათასი ტონა) არიან.

მსგავსი სიახლეები