გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოდესაში ჩავიდა და უკრაინას საზენიტო სისტემების გადაცემას დაპირდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი 1 ოქტომბერს უკრაინას ეწვია. ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაწერა.
"ვუმასპინძლე ჩემს გერმანელ კოლეგას ქრისტინ ლამბრეხტს სამხრეთ უკრაინაში. ფრაუ მინისტრმა კარგი ამბები და დამატებითი ინსტრუმენტები ჩამოიტანა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად," - წერს რეზნიკოვი. "ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების ვითარება. მინისტრმა ისაუბრა ჩვენს ჯარისკაცებთან და მოინახულა სისტემა Gepard [საზენიტო სისტემა] საბრძოლო მორიგეობას".
ლამბრეხტმა აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს "უკრაინელ მეგობრებს" რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეხმარება კიევს, ციტირებს მას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე.
"სხვა შეიარაღებასთან ერთად, ჩვენ ძალიან მალე გადავცემთ უკრაინას IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემებს", - თქვა ლამბრეხტმა.
Die Welt წერს, რომ გერმანიის თავდაცვის მინისთრის ვიზი ოდესაში პირველი ვიზიტია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
გერმანიამ უკრაინას საზენიტო შეიარაღება, ჯავშანტრანსპორტიორები, გადასატანი საზენიტო სისტემები, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები, თვითმავალი ჰაუბიცები, საბრძოლო მასალა და სხვა შეიარაღება გადასცა. 1 იანვრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული იარაღის ღირებულება 740 მილიონ ევროზე მეტია.