"ხმა ამოიღე, ხალხო!" - 18 წლის პოლიტპატიმრის წერილი რუსეთის ციხიდან

რუსეთში, ანტისაომარი ქმედებებისთვის დაკავებული 18 წლის დარია კოზირევა, ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც ის, პუტინის დიქტატურის მთავარ საყრდენზე - ხალხის გულგრილობაზე წერს. 

18 წლის სტუდენტი მეორედ მას შემდეგ დააკავეს, რაც კრემლის მიერ დაწყებული ომის ორი წლის თავზე, უკრაინელი მწერლის, ტარას შევჩენკოს ბიუსტზე, პოემა "ანდერძიდან" ამოღებული ნაწყვეტი მიაკრა. 

დარია კოზირევას წერილს, უცვლელად გთავაზობთ: 

"რამდენი დანაშაული ჩაიდინა პუტინის დიქტატურამ, რამდენი უცხო ქალაქი დაიპყრო და გაანადგურა, რამდენი მკვლელობა და წამებაა მის სახელზე, მაგრამ ამ ძალადობებზე პასუხი ყრუ დუმილია.    

ბევრს ურჩევნია არ იცოდეს რა ხდება, დახუჭოს თვალები და შეწყვიტოს მოსმენა. ბევრი საკუთარ თავს იტყუებს, სიცრუეში ყოფნის სურვილით - ბოლოს და ბოლოს, ძალიან ადვილია, ბრმად დაიჯერო ის, რასაც ტელევიზია ამაბობს, თუნდაც ყველაზე ამაზრზენ ტყუილთან გვქონდეს საქმე.    

თუმცა, ბევრმა მშვენივრად იცის, რასაც ეს საზიზღარი რეჟიმი აკეთებს. ისინი გრძნობენ საკუთარი უთანხმოების, შეურაცყოფისა და ბრაზის სიმძიმეს, მაგრამ ჩუმად არიან.    

როგორც ნებისმიერი დანაშაული ჩადენილია ვიღაცის მდუმარე თანხმობით, ზუსტად ასევე ნებისმიერი დიქტატურა შენარჩუნებულია ხალხის დუმილის წყალობით. თიხის ფეხებზე მდგარი კოლოსი ჩამოიქცევა, თუკი ყველა მეტოქე საუბარს გადაწყვეტს.    

მაგრამ, ისინი დუმან. 

ვიღაც ფიქრობს, რომ ყველაფერი გადაწყვიტელია და აზრი არ აქვს, რომ მისნაირი უმნიშვნელო ფიგურა, ამაში გაერიოს. მეორეს იმედი აქვს, რომ სხვები იტყვიან ყველაფერს, მაგრამ ის სხვაც პოულობს მიზეზს, რომ უტყვად დარჩეს.    

ამ დუმილის ნამდვილი მიზეზი ადამიანური შიშია, ვისცერული შიში. ვერცერთი დიქტატურა ვერ აიძულებს ყველას, რომ მისი სჯეროდეს, ამიტომ მუდმივად მიმართავენ შიშს, ხალხის დასამორჩლებლად - დიქტატურის პირველ და უკანასკნელ ინსტრუმენტს. ჰიტლერის ეპოქაში გერმანელები მორჩლად გაიძახოდნენ ‘Heil”-ს, რადგანაც ესმოდათ დაუმორჩილებლობის შედეგები.

საბჭოთა ხალხს სტალინის ეპოქაში საკუთარ სამზარეულოში ჩურჩულის ეშინოდა, დასმენის შიში ჰქონდათ. რეპრესიების ორთქმავალს არ სჭირდება ყველა დისიდენტის ჩახშობა, მხოლოდ რამდენიმე საჩვენებელი მაგალითია საჭირო, დანარჩენები კი პირზე ალიკაპს ამოიდებენ.    

პუტინისტური რეპრესიების აბსურდულობამ, ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება გახდეს დევნის საბაბი - და არავინ იცის, რისი თქმის უფლება აქვს. კრემლში დაბინავებული დამნაშავე კმაყოფილია. ეს ზუსტად ის არის, რაც მას სჭირდება. მისი ტყავი იქამდე იქნება დაცული, სანამ არავინ საუბრობს.    

სწორად ამიტომ, არ შეიძლება გაჩუმება. დიახ, ადამიანური შიში გასაგებია: ძალიან რთულია საკუთარი თავის, მომავლის და თავისუფლების გარისკვა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბევრს ჰყავს ოჯახი, რა დროსაც მათი შიში გაორმაგებულია. თუმცა, მარტივია ამ ოჯახებისთვის დიქტარურის, მჭიდრო ხრახნებისა და რკინის ფარდის ქვეშ ცხოვრება?    

დიქტატურას იქამდე შეუძლია სისასტიკეებისა და უკანონობების ჩადენა, სანამ გრძნობს ძალას, ხოლო, არაფერი შეიცვლება იმ დრომდე, სანამ ყველა მორჩულად დუმს.    

ამრიგად, ალბათ დადგა დრო, რომ საუბარი დავიწყოთ?    

ვისაც ლაპარაკი შეუძლია, ხმა უნდა ამოიღოს. ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი რაიმეს შესაცვლელად, რომლებმაც ხმის ამოღება გაბედეს. ყველამ უნდა ისაუბროს, ვინც არ ეთანხმება მოსკოვის რეჟიმს. მარტივადაა შესაძლებელი მათი გისოსებს მიღმა მოთავსება, საკუთარი სიტყვებისთვის, რადგანაც ინდივიდები არიან. მაგრამ არ არის საკმარისი ციხეები ყველასთვის, იმ შემთხვევაშიც, თუკი რეჟიმი, სპეციალურად მათთვის, ახალ საპატიმროებს ააშენებს.    

პუტინის ბანდას მაშინ შეეშეინდება, როდესაც, შიშის დაძლევის შემდეგ, ყველა დაიწყებს ლაპარაკს.    

არცერთი ბოროტება არ გრძელდება სამუდამოდ, ნებისმიერი დიქტატურა კოლაფსისთვისაა განწირული. ის შეიძლება საკუთარმა წონამ დაშალას, როგორც ეს სსრკ-ს შემთხვევაში მოხდა, ან ხალხის აჯანყების წყალობით.    

ნუ მისცემთ ამ დიქტატურას უფრო დიდხანს იცოცხლოს, ვიდრე თქვენ.

ხმა ამოიღე, ხალხო!" 

---------

რუსი თინეიჯერი, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ იგი გაჩუმებას არ აპირებს, რადგანაც "ნამდვილი პატრიოტია" და არა ისეთი, როგორსაც კრემლის პროპაგანდა ხატავს. 

დაპატიმრებამდე, კოზირევა სამედიცინო უნივერსიტეტიდან გამოაგდეს, შემდეგ ადმინისტრაციული სასჯელი დაუწეს. მისი საქმის განხილვა, საზოგადოებისთვის დახურულია. 

პროკურორის განცხადებით, ნათლად "იკვეთება კვალი," რომ დარია კოზირევა უცხოურ ძალებთან თანამშრომლობს და მათთან კოორდინაციაშია. ეს ბრალდება პუტინის რუსეთისთვის უცხო არ არის, პრაქტიკულად ყველა დისიდენტი თუ პუტინის მოწინააღმდეგე, მათ შორის ამ მოტივით არის გასამართლებული. 

სასამართლოს თქმით, პოლიტიკური პატიმარი სისტემატიურად ეწეოდა რუსეთის არმიის დისკრედიტაციას, რაც 2022 წლის შემდეგ, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. 

მსგავსი სიახლეები