-

კვირას, თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს პატიმრობა ოფიციალურად მიუსაჯა. ამ ნაბიჯს თურქეთის ოპოზიცია პოლიტიკურ დევნად აღიქვამს რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატია.

იმამოღლუ უკვე ორჯერ გახდა თურქეთის ყველაზე დიდი ქალაქის, სტამბოლის მერი და მისი პოპულარობა ოპოზიციას ერდოღანის მრავალწლიანი მმართველობის დამარცხების იმედს აძლევდა.

სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ, ხელისუფლების მიერ აქციების ჩატარებაზე შეზღუდვის დაწესების მიუხედავად, ოთხშაბათს, იმამოღლუს თავდაპირველი დაკავების შემდეგ, თურქეთის ათობით ქალაქში დემონსტრაციები დაიწყო, რომლებიც ისევ გრძელდება.

იმამოღლუს ათასობით მხარდამჭერი ქუჩებში გამოდის და სტამბოლის მერის უსაფუძვლო დაკავებას აპროტესტებს. ზოგიერთ შემთხვევაში ამ აქციებს სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით შლის.

ორშაბათიდან, მთელი თურქეთს მასშტაბით უნივერსიტეტებში გაფიცვა დაიწყო და პროტესტი უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი ხდება. აქციები ჩატარდა ერდოღანის მხარდამჭერ, კონსერვატორულად და რელიგიურად განწყობილ ქალაქებში, ასევე მის მშობლიურ ქალაქ რიზეში.

საპროტესტო აქცია თურქეთში

რას ედავებიან იმამოღლუს?

17 მარტს, თურქეთის გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, სტამბოლის უნივერსიტეტმა ექრემ იმამოღლუს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი გააუქმა.

პროკურატურის ვერსიით, ამის მიზეზი 1990 წელს, ჩრდილოეთ კვიპროსის უნივერსიტეტიდან, სტამბოლის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე იმამოღლუს კანონის დარღვევით გადმოსვლაა. დიპლომის გაუქმების შემდეგ, იმამოღლუს აღარ აქვს უფლება 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს, რადგან დიპლომის ქონა აუცილებელი მოთხოვნაა.

ამ ნაბიჯიდან რამდენიმე დღეში კი, 19 მარტს, ექრემ იმამოღლუ კორუფციის, ქრთამის აღების, ფულის გათეთრების და ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" (PKK) სავარაუდო მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ იმამოღლუ ხელმძღვანელობდა კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელიც დაკავებული იყო ქრთამის აღებით, გამოძალვით, პერსონალური მონაცემების უკანონო ჩაწერით და ტენდერების უსამართლოდ ჩატარებით.

ოპოზიციურმა "სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ" (CHP) დაგმო სტამბოლის მერის დაპატიმრება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კონკურენტის მოშორებას. პარტიის თავმჯდომარემ, ოზგურ ოზელმა მისი თანამებრძოლის დაპატიმრებას "სამოქალაქო გადატრიალება" უწოდა და მხარდამჭერებს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდა.

CHP-ს ღია პრაიმერი: იმამოღლუ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატია

თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, "სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ" პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი ჩაატარა, რომლის ერთადერთი რეალური კანდიდატიც სტამბოლის მერი იყო.

23 მარტს, საარჩევნო უბნები თურქეთის 81 ქალაქში დილის 8:00 საათზე გაიხსნა.

CHP-მ განაცხადა, რომ კენჭისყრა ღია იყო ყველასთვის, არა მხოლოდ პარტიის მილიონ ნახევარზე მეტი წევრისთვის. პარტიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 15 მილიონმა ადამიანმა მიიღო და ამით მხარი დაუჭირა არამხოლოდ იმამოღლუს კანდიდატურას, არამედ პროტესტი გამოხატა პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკის მიმართ.

"სულ 15 მილიონი ხმიდან, 13 მილიონი არის სოლიდარობის ხმა," - განაცხადა პარტიამ.

აქტივობა იმდენად მაღალი იყო, რომ ხმის მიცემის პროცესი 3.5 საათით გახანგრძლივდა.

თურქეთის ქალაქ ადიამანში, იმამოღლუსთვის ხმის მისაცემად მისული 93 წლის ამომრჩეველი

პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინირებას იმამოღლუ ციხიდან გამოეხმაურა: "მინდა სილივრის ციხიდან გაგიზიაროთ სიახლე, რომელიც ძალიან მახარებს. ჩვენი "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო პრაიმერიზში რეკორდული მონაწილეობა დაფიქსირდა, 15-მა მილიონმა მოქალაქემ მისცა ხმა. ამ არჩევნებზე მივიდა მილიონობით ადამიანი, რომლებსაც ტანჯავთ ხელისუფლების ზეწოლა, დანგრეული ეკონომიკა, უღირსობა, უკანონობა. მათ ერდოს უთხრეს: 'საკმარისია.' მე მივესალმები მილიონებს, რომლებიც ყვირიან ამაღამ ჩემი ქვეყნის მოედნებზე. არჩევნები მოვა და ხალხი ისეთ სილას გააწნის ამ ხელისუფლებას, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებს."

იმამოღლუს პოლიტიკური კარიერა

2019 წლამდე, თურქების დიდი უმრავლესობისთვის 54 წლის იმამოღლუ უცნობი პოლიტიკოსი იყო.

ის ტრაპიზონის პროვინციაში გაიზარდა, სადაც ყურანს სწავლობდა და რელიგიურ განათლებას იღებდა. მოგვიანებით, მან ჩრდილოეთ კვიპროსსა და სტამბოლში, ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი მიიღო.

პოლიტიკაში მოსვლამდე ის სტამბოლში რესტორანს მართავდა, რომელშიც კოფტეს (ხორცის ბურთულები - რედ.) ამზადებდნენ, ასევე იყო თავისი ოჯახის სამშენებლო კომპანიის, Imamoglu Insaat-ის მენეჯერი. 2002-2003 წლებში კი საფეხბურთო კლუბ Trabzonspor-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

2009 წლისთვის ის ადგილობრივ პოლიტიკაში შევიდა და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გახდა სტამბოლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, ბეილიქდუზუს მერი, რომელსაც ერდოღანის პარტიის წარმომადგენელი მართავდა.

2019 წელს კი ის სტამბოლის მერის არჩევნებზე "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი გახდა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. იმამოღლუ ერდოღანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ბინალი ილდირიმს დაუპირისპირდა.

სტამბოლის კონტროლს თურქეთში სიმბოლური, ეკონომიკური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, 1994 წელს თავად ერდოღანი გახდა თურქეთის ყველაზე დიდი ქალაქის მერი, რამაც შემდგომში მის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ამასთანავე, თურქეთის ყველაზე დიდი ქალაქი ქვეყნის ეკონომიკის ძრავია: სტამბოლი თურქეთის 1.1 ტრილიონი დოლარის მშპ-ის თითქმის 30-35%-ს შეადგენს, აქ მდებარეობს თურქეთის უმსხვილესი ბანკების, საფონდო ბირჟის (Borsa İstanbul) და მსხვილი კორპორაციების ცენტრალური ოფისები, სტამბოლის პორტების გავლით მიმდინარეობს თურქეთის საზღვაო ვაჭრობის 50%-ზე მეტი, სტამბოლი იღებს თურქეთში შემოსული ყველა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის დაახლოებით 60-65%-ს და ქალაქს ყოველწლიურად 16 მილიონზე მეტი საერთაშორისო ტურისტი სტუმრობს, რაც თურქეთის მთლიანი ტურისტული შემოსავლის თითქმის 40%-ს შეადგენს.

სწორედ ამიტომ, 2019 წლის 31 მარტის სტამბოლის მერის არჩევნები უბრალოდ მუნიციპალური არჩევნები არ იყო. ერდოღანმა ყველაფერი გააკეთა, რომ თურქეთის უდიდესი ქალაქის მართვა, რომლის მერიც წარსულში თავად იყო, ოპოზიციისთვის არ დაეთმო.

მიუხედავად ამისა, იმამოღლუმ არჩევნები მცირე სხვაობით, 13 ათასი ხმით მოიგო.

თუმცა, ერდოღანის პარტია შედეგებთან შეგუებას არ აპირებდა და თურქეთის საარჩევნო კომისიამ, "საარჩევნო დარღვევების შესახებ" მისი AKP-ის მიმართვის საფუძველზე არჩევნების შედეგები გააუქმა.

ახალი არჩევნები 23 ივნისს ჩატარდა, რომელშიც ერდოღანმა მის მიერ კონტროლირებული მედიით, ადმინისტრაციული რესურსითა და ძალიან დიდი ფინანსებით კიდევ ერთხელ სცადა ოპოზიციისთვის სტამბოლი არ დაეთმო.

მაგრამ ამ მომენტში იმამოღლუს დამარცხება უკვე შეუძლებელი იყო. თურქეთის მოსახლეობამ კარგად დაინახა, რომ ერდოღანს წაგებასთან შეგუება არ სურდა და მზად იყო მოქალაქეებისთვის ნებისმიერი მეთოდით წაერთმია არჩევნები.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, იმამოღლუ მის მხარდამჭერებს მიმართავს

ერდოღანის პარტიამ ჩათვალა, რომ არჩევნების შედეგების შესაცვლელად უმნიშვნელოვანესი იყო სტამბოლში მცხოვრები კონსერვატორულად განწყობილი ქურთების მომხრობა, რომლებიც წინა არჩევნებზე არ მივიდნენ. სწორედ ამიტომ, ბინალი ილდირიმმა ქურთების მიმართ რიტორიკა შეარბილა, ხელისუფლებამ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ლიდერ აბდულა ოჯალანთან იმრალის ციხეში ქურთი დეპუტატების შესვლა დაუშვა, მეტიც, ილდირიმი ქურთებით დასახლებულ დიარბაქირში ჩავიდა, რათა სტამბლოში მცხოვრებით ქურთებისთვის რიტორიკისა და პოლიტიკის ცვლილება კარგად დაენახებინა.

იმამოღლუს მხარდამჭერი ნაციონალისტური "კარგი პარტიის" ლიდერმა მერალ აქშენერმა ეს ვიზიტი შემდეგნაირად შეაფასა: "ჯერ ქურთებს ტერორისტებს უწოდებს, მერე კი დიარბაქირში მიდის, სტამბოლში ხმების ტირილით მისაღებად."

საბოლოოდ, ეს კამპანია ფუჭი აღმოჩნდა და იმამოღლუმ განმეორებითი არჩევნები ბევრად დიდი სხვაობით, ამჯერად 800 ათასი ხმით მოიგო და თურქეთის ყველაზე დიდი ქალაქის მერი გახდა.

სტამბოლის მერობისას მან საზოგადოებას მრავალი მიმართულებით განხორციელებული პროექტებით დაამახსოვრა თავი: გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო რძე, ახალშობილთა მშობლების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა, ტრამვაის გაფართოება და ა.შ.

2024 წლის 31 მარტს, თურქეთში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერდოღანის პარტია დამარცხდა, პირველი ადგილი კი "სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ" დაიკავა.

ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის, სტამბოლის მერი კი ექრემ იმამოღლუ მეორე ვადით გახდა. ერდოღანის პარტიიდან მისი ოპონენტი მან მილიონზე მეტი ხმით დაამარცხა.

ამ ფონზე ის, როგორც "სახალხო რესპუბლიკური პარტიის," ასევე ზოგადად, ერდოღანის საწინააღმდეგო მოძრაობის მთავარ ლიდერად და პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატად გამოიკვეთა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევები პერიოდულად აშკარად აჩვენებდნენ, რომ როგორც იმამოღლუ, ასევე ანკარის მერი "სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან," მანსურ იავაში, ერდოღანის დამარცხებას შეძლებდნენ.

ამას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაც ხედავდა და იმამოღლუს წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა დაიწყო, რაც საბოლოოდ მისი პატიმრობით დასრულდა.

ერდოღანი კიდევ ერთი ვადით?

თურქეთის კონსტიტუცია პრეზიდენტად კენჭისყრას ორი ვადით ზღუდავს და ერდოღანს ამჟამინდელი ვადა 2028 წელს ეწურება.

თუმცა, კონსტიტუციაში არსებობს სამართლებრივი ხვრელი, 116-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ პარლამენტი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, მოქმედ პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი. თუ ერდოღანი მისი პარტიის მიერ მართულ პარლამენტს 2028 წლამდე თავს დააშლევინებს, მას ლეგალურად კვლავ შეუძლია კენჭი იყაროს.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები შიშობენ, რომ ერდოღანს სურს მისი მთავარი ოპონენტი მოიშოროს, მალევე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს და კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადით გააგრძელოს ქვეყნის მართვა.

თურქეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ თქვა, რომ მეტჯერ კენჭისყრას აღარ აპირებს, თუმცა თურქებს მისი განცხადებების სერიოზულობაში ეჭვი ეპარებათ.

მსგავსი სიახლეები