თურქეთმა და სირიამ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ აჰმედ ალ-შარაას მკვლელობის გეგმა აღკვეთეს

ლიბანური გამოცემა LBCI-ის ცნობით, სირიის არმიამ და თურქეთის სადაზვერვო სააგენტოებმა ამ თვის დასაწყისში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს.

State Of Play: სტატიაში ნათქვამია, რომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ჯგუფი შარაას მკვლელობას ივნისის დასაწყისში, სირიის სამხრეთში, დარააში ვიზიტის დროს გეგმავდა.

  • გამოცემა წერს, ჯგუფის ლიდერი, რომელიც დარაას რაიონის მკვიდრი იყო, სირიის უსაფრთხოების ძალებმა შარაას ვიზიტამდე ერთი დღით ადრე დააკავეს.
  • თუმცა, სირიის ინფორმაციის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

Big Picture: ივნისის დასაწყისში, კიდევ ერთმა ლიბანურმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიის ლიდერი მკვლელობის ორ მცდელობას გადაურჩა, ერთს მარტში, ხოლო მეორეს ივნისის ბოლოს.

  • "ისლამური სახელმწიფო" აჰმედ ალ-შარაას "ჯიჰადისთვის ზურგის შექცევაში" ადანაშაულებს და ცდილობს, თავის რიგებში "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის" იმედგაცრუებული ჯიჰადისტი მებრძოლები გადაიბიროს.
  • აშშ-ის ელჩმა სირიაში, ტომ ბარაკმა, ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია შარაას სიცოცხლის მიმართ არსებული საფრთხეებით და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სირიის პრეზიდენტი ოდესღაც ალ-ქაიდას წევრი იყო, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები