გერმანულმა Rheinmetall-მა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში მის ქარხანას დაიცავს
გერმანული სამხედრო კონცერნი Rheinmetall-ის გენერალური დირექტორი არმინ პაპერგერი რუსეთის ხელისუფლების მუქარებს გამოეხმაურა, რომ უკრაინაში კონცერნის მომავალი ქარხანა რუსეთის "ლეგიტიმური სამიზნე" იქნება.
ამ საკითხზე არმინ პაპერგერმა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
20 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში ჯავშანტექნიკის წარმოებისთვის Rheinmetall-ის ქარხანა თუ აშენდება, "ლეგიტიმური სამიზნე იქნება" რუსი სამხედროებისთვის.
გერმანული კონცერნის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ის არ ამბობს უარს უკრაინაში ქარხნის შექმნის გეგმებზე და მის დაცვას საკუთარი წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემებით გეგმავს.
"ჩვენთვის Rheinmetall-ში მთავარი ამოცანაა მხარი დავუჭიროთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში და რაც შეიძლება მალე დავაკმაყოფილოთ მათი გადაუდებელი საჭიროებები." - აღნიშნა პაპერგერმა.
Rheinmetall უკრაინის სახელმწიფო კომპანია Укроборонпром-თან ერთად უკრაინაში ქარხანას აშენებს, რომლის წილის უდიდესი ნაწილიც გერმანული კომპანიის იქნება. საწარმოში საბრძოლო მასალის და ჯავშანტექნიკის წარმოება იგეგმება.
შემდგომში დაგეგმილია, რომ ქარხანა წელიწადში 400-მდე საბრძოლო ტანკს დაამზადებს და Fuchs-ის ჯავშანმანქანებს შეაკეთებს. ივლისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთობლივი საწარმო მომდევნო 12 კვირის განმავლობაში გაიხსნება.
გერმანული კომპანია კონტრაქტების გაფორმებას კიდევ ორი ერთობლივი საწარმოს შექმნაზე ელოდება - საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის.
Rheinmetall ყველაზე დიდი გერმანული შეიარაღების კონცერნია. საკუთარი მონაცემებით, კომპანია დასავლურ სამყაროში სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის სამ უმსხვილეს მწარმოებელთაგან ერთ-ერთია. ამჟამად Rheinmetall-ის ღირებულება ათ მილიარდ ევროზე მეტია.