გურიევი: რუბლის გაუფასურება დასავლური სანქციების შედეგია

ბოლო თვეებში რუბლის გაუფასურება დოლართან და ევროსთან მიმართებაში პროგნოზირებადი იყო. ამის შესახებ 12 აპრილს, Deutsche Welle-თან ინტერვიუში, ცნობილმა რუსმა ეკონომისტმა სერგეი გურიევმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს 2022 წლის დეკემბერში რუსული ნავთობის ექსპორტზე, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტზე დაწესებული დასავლეთის ახალი სანქციების შედეგი იყო.

სანქციები მუშაობს

ეკონომისტი წარსულში რუბლის მაღალ კურსს ხელოვნურს უწოდებს, რადგან დასავლური სანქციები მხოლოდ რუსულ იმპორტს ეხებოდა.

"დღეს, როდესაც საბოლოოდ დაწესდა სანქციები რუსული ექსპორტის წინააღმდეგ, როცა ევროპაში ნავთობის ემბარგო დაიწყო, როდესაც რუსული ნავთობის ექსპორტის ფასის ზღვარი შემოიღეს, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ რუბლი უფასურდება", - განაცხადა გურიევმა.

მან თავი შეიკავა რუბლის შემდგომი გაუფასურების პროგნოზისგან. ეკონომისტი ვარაუდობს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი, ისევე როგორც შარშან, ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს ინფლაციის ზრდა.

რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის დეფიციტი - მშპ-ს 4.5%

მისი თქმით, რუბლის გაუფასურება აჩვენებს, რომ ხაზინაში ახლა ნაკლები ნავთობდოლარი შედის, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტს სერიოზული სირთულეები შეექმნება.

გურიევის გათვლებით, გასული წლის ბოლო სამ კვარტალში და 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ბიუჯეტმა შვიდი ტრილიონი რუბლი დაკარგა, რაც მშპ-ს 4.5%-ს უტოლდება.

"ეს არის ძალიან დიდი დეფიციტი." - განაცხადა სერგეი გურიევმა.

მსგავსი სიახლეები