ჰარისი საშუალო ფენას გადასახადების შემცირებას დაჰპირდა
დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სამომხმარებლო ფასებს შეამცირებს.
"შეერთებული შტატების ეკონომიკა ყველაზე ძლიერია მსოფლიოში, მაგრამ ბევრი მოქალაქე ჯერ ვერ გრძნობს ამ პროგრესს ყოველდღიურ ცხოვრებაში," - თქვა ჰარისმა პარასკევს ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან გამოსვლისას.
ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ფოკუსირება სურს საშუალო ფენაზე და მის "ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და ღირსებაზე."
მისი თქმით, ის აპირებს, სხვა საკითხებთან ერთად, შეამციროს "ამერიკული ოჯახების ხარჯები." საუბარია 6000 აშშ დოლარის საგადასახადო შეღავათის შემოღებაზე ბავშვის დაბადების შემდეგ პირველ წელს საშუალო ან დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდა ოჯახებისთვის.
პოლიტიკოსმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა მიიღოს კანონი საკვები პროდუქტების ფასის და საცხოვრებლის ქირის ხელოვნურად გაბერვის წინააღმდეგ.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, აპირებს სამი მილიონი ახალი ბინის აშენებას.
"დონალდ ტრამპი იბრძვის მილიონერებისა და დიდი კორპორაციებისთვის," - თქვა ჰარისმა. "მე ვიბრძვი, რომ ფული დავუბრუნო საშუალო კლასის ამერიკელებს."
თავის მხრივ, დონალდ ტრამპი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ადანაშაულებდა ინფლაციასთან წარუმატებელ ბრძოლაში.
ის ასევე კრიტიკულად გამოეხმაურა ჰარისის გამოსვლას ჩრდილოეთ კაროლინაში. "თუ ფიქრობთ, რომ ახლა ყველაფერი ძვირია, ყველაფერი 100-ჯერ გაუარესდება, თუ კამალა ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტი იქნება," - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.