ჰარისმა და ტრამპმა 11 სექტემბრის ტერაქტისას დაღუპულებს პატივი მიაგეს
დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატებმა კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა 11 სექტემბრის მემორიალურ ცერემონიაზე, სატელევიზიო დებატების მეორე დღეს ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი.
"დღეს ჩვენ ვგლოვობთ 2001 წლის 11 სექტემბრის საზარელი ტერაქტის დროს დაღუპულებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს და ახლობლებს," - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა. "ჩვენ ასევე პატივს მივაგებთ იმ არაჩვეულებრივ გმირობას, რომელიც გამოავლინეს რიგითმა ამერიკელებმა იმ საბედისწერო დღეს, რათა დახმარებოდნენ თავიანთ თანამემამულეებს. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ."
ღონისძიებები ტრადიციულად Ground Zero-ს კომპლექსში ჩატარდა, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (WTC) ადგილზე, რომელსაც ალ-ქაიდას წევრების მიერ გატაცებული თვითმფრინავები დაეჯახა. მსხვერპლთა ახლობლებმა წაიკითხეს თავდასხმების შედეგად დაღუპული 3000-მდე ადამიანის სახელი.
სამგლოვიარო ღონისძიებები ასევე ჩატარდა პენტაგონში და პენსილვანიაში ავიაკატასტროფის ადგილზე.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს სულ 2977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2753 ნიუ-იორკში, 184 აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში და კიდევ 40 პენსილვანიაში.
23 წლის წინ ტერორისტებმა ოთხი თვითმფრინავი გაიტაცეს. პირველი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს დაეჯახა, ცოტა ხნის შემდეგ ანალოგიური თავდასხმა მოხდა სამხრეთ კოშკზე, რის შემდეგაც ორივე შენობა ჩამოინგრა. მესამე თვითმფრინავი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შენობას დაეჯახა, რომელიც ვაშინგტონთან ახლოს მდებარეობს, ხოლო მეოთხე, მგზავრების წინააღმდეგობის შემდეგ პენსილვანიაში ჩამოვარდა.
თავდასხმების ორგანიზატორი, ალ-ქაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი ამერიკულმა სპეცრაზმმა 2011 წელს მოკლა.