ირანი და აშშ ბოლო დღეებში პირდაპირ კონტაქტზე არიან - Axios

აშშ-ის წარმომადგენელ სტივ ვიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩის შორის პირდაპირი კომუნიკაციის არხი აღდგა.

ინფორმაციას ამის შესახებ Axios-ს ამერიკელი ოფიციალური პირი და ინფორმირებული წყარო აწვდიან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს მხარეებს შორის პირველი პირდაპირი კონტაქტია ომის დაწყებიდან  დღემდე.

  • ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, არაყჩიმ ვიტკოფს ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა, რომელთა მთავარი თემა ომის დასრულება იყო.
  • მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვიტკოფი თავად წერდა ირანულ მხარეს, არაყჩი კი მას აიგნორირებდა.
  • თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პირი ამტკიცებს, რომ კონტაქტს სწორედ არაყჩი ცდილობს, ვაშინგტონი კი მასთან მოლაპარაკებებს „არ აწარმოებს“.

აშშ-ის პოზიცია: ორშაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანი აშშ-სთან კონტაქტზე გამოვიდა, თუმცა ეჭვი გამოთქვა მათი უფლებამოსილების შესახებ.

  • „მათ გარიგება სურთ. ისინი ჩვენს ხალხს ელაპარაკებიან... გვყავს ხალხი, ვისაც მოლაპარაკება სურს, [მაგრამ] წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან ისინი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
  • მიუხედავად სკეპტიციზმისა თეირანის მზაობასთან დაკავშირებით, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანელებთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის.
  • პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანში გადაწყვეტილების მიმღები პირების ვინაობა ბუნდოვანია, რადგან ბევრი მაღალჩინოსანი მოკლულია.
  • მან ისიც ახსენა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, საჯაროდ არ ჩანს და შესაძლოა, ისიც მკვდარია.

სტრიქონებს შორის: თეთრი სახლი კატეგორიულად გამორიცხავს ირანის მოთხოვნას „ომის ზარალის ანაზღაურებაზე“. ამის ნაცვლად, ტრამპი მზადაა გარიგებისთვის, რომელიც ირანს საშუალებას მისცემს „მსოფლიოს ინტეგრირებული ნაწილი გახდეს და ნავთობით ფული იშოვოს“.

მეორე მხარე: ოფიციალური თეირანი საჯაროდ უარყოფს ტრამპის ადმინისტრაციასთან ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს.

  • ისინი აცხადებენ, რომ არ აინტერესებთ „დროებითი ზავი“, რომელიც აშშ-სა და ისრაელს გადაჯგუფების საშუალებას მისცემს და მხოლოდ გარანტირებულ, მუდმივ მშვიდობაზე არიან თანახმა.

ინტრიგა: აშშ-ში არაყჩის არ მიიჩნევენ ფიგურად, რომელსაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

  • თუმცა, წყაროების თქმით, ის კოორდინაციაშია ალი ლარიჯანისთან, რომელიც ფაქტობრივად ირანის სამოქალაქო ლიდერი გახდა ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ.
  • ვაშინგტონისთვის არაყჩი მოსახერხებელი „მისამართია“, რადგან მასთან ძველი კავშირები აქვთ და რაც მთავარია -ის ჯერ კიდევ ცოცხალია.

მსგავსი სიახლეები