ჰელსინკის კომისია: ოცნება ღიად ანტიდასავლურია და რუსეთთან უფრო და უფრო მეგობრული ხდება

აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ რუსეთის გრძელვადიან საფრთხესთან გამკლავების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ასევე საქართველოში არსებულ ვითარებას ეხება. 

ანგარიშში წერია, რომ რუსეთ-უკრაინის ფონზე, სამხრეთ კავკასიაში ვითარება მნიშვნელოვნად იცვლება, რადგან რუსეთი გავლენის შენარჩუნებას ცდილობს. 

ჰელსინკის კომისია ამ გარემოებას უკავშირებს საქართველოს მთავრობის ღიად ანტიდასავლურ პოლიტიკასაც. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო და უფრო ანტიდასავლურ და პრორუსულ განწყობებს ავლენს, საქართველოს მოსახლეობა კი პირიქით, პროდასავლურ გეზზე რჩება. 

"საქართველოში ვითარება ასევე კომპლექსურია. წლების განმავლობაში საქართველო სამხრეთ კავკასიაში პროდასავლურ საყრდენად აღიქმებოდა, რომელსაც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის მისწრაფებები ჰქონდა. თუმცა, ბოლოდროინდელი განვითარებების შედეგად საქართველოს მთავრობა, რომელსაც ქართული ოცნება მართავს, უფრო ღიად ანტიდასავლური და არალიბერალური გახდა, ამ ცვლილებას ოპოზიციონერი ფიგურებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შევიწროებით და ასევე რუსეთთან დაახლოებული ურთიერთობებით გაესვა ხაზი. მთავრობის ამ ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მტკიცედ პროევროპულ და პრო-NATO პოზიციას იზიარებს, რაც მთავრობასა და მის მოსახლეობას შორის მწვავე წინააღმდეგობას წარმოქმნის. ეს ყველაზე თვალნათლივ 2024 წლის გაზაფხულში ქართული ოცნების მიერ ინიციირებული რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო  აქციებით გამოიხატა, რომლებიც თვეების განმავლობაში გაგრძელდა და მასში დაახლოებით 300 000 ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ამ ვითარებამ ფუნდამენტური არასტაბილურობა შეიტანა ადგილას, სადაც რუსეთს კვლავ გარნიზონები ჰყავს გამაგრებული (რამდენადაც არ უნდა შემცირებულიყო ისინი უკრაინასთან ომის შედეგად), სადაც ხელისუფლება ღიად ანტიდასავლურია და რუსეთთან უფრო და უფრო მეგობრული ხდება, მოსახლეობა კი ფუნდამენტურად წინააღმდეგია". - წერია ანგარიშში

ჰელსინკის კომისია ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილების მიუხედავად, მოსახლეობის განწყობა იგივე რჩება, ამიტომ დასავლურ სახელმწიფოებში გავრცელებული შეშფოთებების მიუხედავად, ურთიერთობების ხელახლა დალაგების პერსპექტივა კვლავ არსებობს. მოცემული ვითარების გათვალისწინებით, ანგარიშში შესაძლო გამოსავლად მოყვანილია ორმაგი ტიპის სტრატეგიის შერჩევა, რომელიც MEGOBARI აქტის მსგავსად დემოკრატიული რეფორმების შემთხვევაში მხარდაჭერის, ანტიდემოკრატიული ნაბიჯების შემთხვევაში კი ანგარიშვალდებულების მექანიზმებს მოიცავს. 

"საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდად არალიბერალურ შიდა პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და სხვა დასავლურ დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, საქართველოს მოსახლეობაში ძლიერი პროდასავლური განწყობა მიუთითებს, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის აღდგენის პოტენციალი კვლავ არსებობს. [...] აშშ-მ უნდა ორმხრივი სტრატეგია გამოიყენოს, რომელიც დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულებასაც უნდა და დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების შემთხვევაში დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის მექანიზმებსაც უნდა მოიცავდეს. 

კანონპროექტები, როგორიც არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ვილსონის ორპარტიული MEGOBARI აქტი, რომელიც აშშ-ს მხარდაჭერას დემოკრატიულ რეფორმებს უკავშირებს, შეიძლება საქართველოს მიმართ აშშ-ს მომავალი პოლიტიკის მოდელად გამოდგეს". - წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის განვითარებას სამხრეთ კავკასიაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და რუსეთის დამარცხება რეგიონის ქვეყნებში სტაბილურობასა და საერთაშორისო ჩართულობის შესაძლებლობას გაზრდის. 

"ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი, რომელსაც სამხრეთ კავკასიის მომავალზე გავლენა აქვს, უკრაინის კონფლიქტია. რამდენადაც რუსეთის იმპერიული სტრატეგიული კულტურა მისი აგრესიული სამხედრო ავანტიურიზმის სტრატეგიაში ძირითად ფაქტორად გვევლინება, რუსეთის დეიმპერიალიზაცია აუცილებელია სამხრეთ კავკასიისთვის მეტი სტაბილურობისა და საერთაშორისო ჩართულობის შესაძლებლობის მიწოდებისთვის. უკრაინის გამარჯვება საკვანძოა არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტისთვის, არამედ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიერ ძალაუფლების პროექცირების უნარის შესაზღუდადაც". - წერია ანგარიშში. 

მსგავსი სიახლეები