ირანი ჩინეთის ბაზრისთვის რუსეთთან კონკურენციაში თავის ნავთობს აიაფებს
ჩინეთის ბაზრისთვის რუსულ ნავთობთან კონკურენციის გამო ირანი იძულებულია გააიაფოს საკუთარი ნავთობი.
ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
"ირანი იძულებულია კიდევ უფრო გააიაფოს მისი ისედაც იაფი ნავთობი, რადგან ჩინეთის ბაზრისთვის რუსეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანი დარჩეს",- ნათქვამია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში.
ჩინეთის ბაზრისთვის რუსეთსა და ირანს შორის კონკურენცია ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა - ევროკავშირისა და მსხვილი კერძო სანავთობო კომპანიების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგოს შემდეგ, რუსეთმა თავისი სანავთობო ნაკადები ჩინეთისკენ მიმართა.
ამაზე მეტყველებს ოფიციალური რიცხვებიც, რომლის მიხედვითაც ჩინეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. შესყიდვების მოცულობა გასულ წელთან შედარებით 55%-ით არის გაზრდილი და ჯამურად 8.4 მილიონ ტონას შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ როგორც რუსული, ასევე, ირანული წარმოების ნავთობს ჩინეთი ისედაც საკმაოდ დიდი ფასდაკლებით ყიდულობს. ირანული ნავთობის შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული BRENT-თან სხვაობა დაახლოებით 10 დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო ფასთან დაახლოებით 30 დოლარით უფრო იაფად ყიდულობს რუსულ ნავთობს ინდოეთი, ბარელის ფასი დაახლოებით 70 დოლარს შეადგენს.