ISIS K მოსკოვში, კროკუს ჰოლზე თავდამსხმელების სავარაუდო ფოტოს აქვეყნებს

ისლამური სახელმწიფოს ხორასანის ფილიალის კუთვნილი მედია მოსკოვში, კროკუს ჰოლზე სავარაუდო თავდამსხმელების ფოტოს აქვეყნებს და ტერაქტის გარემოებებზე წერს. 

ფოტოზე თანდართულ ტექსტში ნათქვამია, რომ 4 თავდამსხმელი შეიარაღებული იყო ტყვიამფრქვევებით, პისტოლეტებით, დანებითა და ასაფეთქებლებით და ტერაქტამდე ყურადღებით აკვირდებოდნენ სავაჭრო ცენტრს. 

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ დარბაზში მყოფებს მხოლოდ 3 ტერორისტი ესროდა, მაშინ როდესაც მეოთხე შენობიდან გასასვლელებს წინასწარ მომზადებული ბომბებით ნაღმავდა.

საყურადღებოა, რომ AMAQ-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე აღბეჭდილი 2 ადამიანის სამოსის ფერი და პრინტი ემთხვევა რუსეთის მიერ დაკავებული ეჭვმიტანილებისას. 

კონტექსტი 

მოსკოვში განხორციელებული ტერაქტისთვის რუსეთში 11 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 4 თავდამსხმელი. რუსული წყაროების მონაცემებით, ყველა მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა. 

ტერაქტიდან რამდენიმე საათში მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS K-მა საკუთარ თავზე აიღო. ამის შესახებ განცხადება ტერორისტულ ჯგუფთან დაკავშირებულ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. 

New York Times-ის, CNN-ისა და სხვა დასავლური მედიების ცნობით, ამერიკული დაზვერვა სარწმუნოდ მიიჩნევს ISIS K-ის განცხადებას. 

ბოლო საათებში შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა.

 

მსგავსი სიახლეები