ისრაელი უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე

უკრაინის ტერიტორიაზე ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსული თავდასხმების ტალღის მიუხედავად, ისრაელი მაინც გამორიცხავს კიევისთვის იარაღის მიწოდებას.

"მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ არ მივყიდით იარაღს უკრაინას", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა სამშაბათს, ისრაელის რადიოსადგურ "კოლ ჩაის" ეთერში. მან აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მხოლოდ სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და ამით შემოიფარგლება.

დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აპირებს ისრაელს სთხოვოს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. "ირანი არის წითელი ხაზი ისრაელისთვის და მას შემდეგ, რაც ირანი, ფაქტობრივად, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის თანამონაწილე გახდა, ვფიქრობ, ისრაელში ვისაც ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ეჭვი, დაეხმაროს თუ არა უკრაინას, ეს ეჭვები უნდა გაფანტოს", - განაცხადა მან ბრიფინგზე.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე შეტევებში ირანული წარმოების კამიკაძე დრონები Shahed-136-ები აქტიურად არის გამოყენებული.  კიევის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსული თავდასხმების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ირანი უარყოფს თავისი უპილოტო თვითმფრინავების რუსეთისთვის მიწოდებას, ხოლო რუსეთის ფედერაცია ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 36 დღეში 223 ირანული წარმოების კამიკაძე დრონი Shahed-136 ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები