ისრაელის ქალაქ აკრაში არაბებმა ქართველი ებრაელი სცემეს, რომელიც არაბმა ექიმმა გადაარჩინა
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ქვეყნის ქალაქებში ეთნიკურ არაბებსა და ებრაელებს შორის მიმდინარე დაპირისპირებისას არაბებმა ქალაქ აკრაში ქართველი ებრაელი მორ ჯანაშვილი სცემეს.
ნაჰარიაში, გალილეის სამედიცინო ცენტრში ჯანაშვილი არაბმა ექიმმა ფადი კასემმა გადაარჩინა.
ჯანაშვილის მანქანა ქუჩაში არაბების ჯგუფმა გააჩერა, ის ალყაში ჰყავდათ მოქცეული და გარედან ქვებს ესროდნენ. ზოგიერთ თავდამსხმელს დანა და ჯოხებიც ჰქონდა. ამ დროს შემთხვევის ადგილზე კასემი მივიდა.
“მეშინოდა, რომ ის მოკვდებოდა - იხსენებს კასემი თავდასხმის ადგილზე მისვლას - იქ იყო უამრავი სისხლი და მას ჰქონდა თავის დაზიანება.”
კასემმა 29 წლის ჯანაშვილს პირველადი დახმარება აღმოუჩინა და იმ საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც ის მუშაობს.
ჯანაშვილი საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და სახლში, ჰაიფაში დაბრუნდა. თუმცა, ის ჯერ ეტლით გადაადგილდება და ძლიერი ტკივილები აქვს თავში. კასემის ჩარევა გადამწყვეტი იყო ჯანაშვილის გადარჩენაში.
“მე უზომოდ მადლიერი ვარ მისი - განუცხადა Times of Israel-ს ჯანაშვილმა - მე გონება მქონდა დაკარგული, როდესაც ის ჩემთან მოვიდა, მაგრამ მახსოვს როცა გამოვფხიზლდი, როგორ მანუგეშებდა და ზრუნავდა ჩემზე.”
სანამ ჯანაშვილს საავადმყოფოდან გაწერდნენ, კასემი მის პალატას ეწვია.
“უაღრესად ემოციური და სასიხარულო იყო მისი ცოცხალი და ჯანმრთელი დანახვა - შეხვედრის დროს ვტიროდი”, - თქვა კასემმა.
გადარჩენილმა პაციენტმა ექიმს უთხრა: “შენ სიკვდილს გადამარჩინე. არ ვიცი უშენოდ რას გავაკეთებდი.” კასემმა კი უპასუხა: “მე ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა.”
ჯანაშვილი მასზე თავდასხმის დეტალებსაც იხსენებს: “ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მათ ისრაელის დროშა დაინახეს ჩემს მანქანაზე. მათ ავტომობილი მიზანში ამოიღეს და მე კედელს დავეჯახე. მანქანიდან გადმოვედი და ისინი ქვებით, ჯოხებით და დანებით თავს დამესხნენ. ძალიან საშიში იყო.”
კასემის და ჯანაშვილის შეხვედრა პალატაში
კასემი პაციენტს არაბების და ებრაელების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე ესაუბრა. ექიმმა გაიხსენა, რომ მსგავსი ინციდენტები 2008 წელსაც იყო, მაგრამ საბოლოოდ ორმა ჯგუფმა მშვიდობიანი თანაცხოვრება გააგრძელა.
ასევე მან ჯანაშვილს პირობა მისცა: “ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი გვექნება და როცა გამოჯანმრთელდები, აკრის ძველ ქალაქში ჰუმისის საჭმელად უნდა წავიდეთ. ჩვენ ოჯახივით ვართ. შენი სახელი, ჩემი სახლია.”