ისრაელის პრემიერი: მმართველი კოალიციის დაშლის თავიდან ასაცილებლად 1 ან 2 კვირა დაგვრჩა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ ქნესეთში მმართველი კოალიციის დაშლის თავიდან ასაცილებლად „ერთიდან ორ კვირამდე“ რჩება.

13 ივნისს პრემიერის პარტია იამინას წევრმა ნირ ორბახმა განაცხადა, რომ ხმას კოალიციასთან ერთად არ მისცემს, რის გამოც ბენეტი და მისი მოკავშირეები საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან.

ამჟამად კოალიცია, რომელშიც რვა განსხვავებული პოლიტიკური ძალაა გაერთიანებული, 120 წევრიან ქნესეთში მანდატების ზუსტად ნახევარს აკონტროლებს.

„თუ [დაბრკოლებას] ვერ გადავლახავთ, მართვის გაგრძელებას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა ბენეტმა ქნესეთში გამოსვლისას.

ბენეტის კოალიცია ხელისუფლებაში გასული წლის ივნისში მოვიდა, მას შემდეგ, რაც ისრაელში ოთხჯერ ჩატარებული არჩევნები უშედეგოდ დასრულდა - მთავრობის ფორმირება ვერც ერთმა ძალამ ვერ შეძლო.

კოალიციიდან გამოსვლით იმუქრებოდნენ გაერთიანებული არაბული სიის დეპუტატები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიაზე პალესტინელებთან შეტაკებას აპროტესტებდნენ.

ორბახის გასვლის შემდეგ კოალიციას 59 ხმა ექნება. თუ ოპოზიცია 61 ხმის მობილიზებას ვერ შეძლებს, ბენეტი უმცირესობის მთავრობის ფორმატში ხელისუფლებაში დარჩენას შეძლებს.

 

მსგავსი სიახლეები