ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩას სასაკლაოზე: ეს სამხედრო დანაშაულია
ისრაელი საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებს გამოეხმაურა.
იაირ ლაპიდმა მომხდარს სამხედრო დანაშაული უწოდა. "შეუძლებელია დარჩე გულგრილი იმ სურათების წინაშე, რასაც კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში რუსული არმიის გასვლის შემდეგ ვხედავთ. მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის განზრახ დაზიანება სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს და მკაცრად ვგმობ მომხდარს",- წერს ლაპიდი თავის ტვიტერზე.
ამ დრომდე ისრაელი რუსეთ-უკრაინის ომისგან დისტანცირებას ცდილობს, ეს დაკავშირებულია მათ შორის სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ფაქტორთან. ამავდროულად ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესში შუამავლის ფუნქციით ჩართული იყო პრემიერი ნაფტალი ბენეტიც.
საგარეო საქმეთა მინისტრის მკაცრი განცხადება კონკრეტული ფორმულირებით "სამხედრო დანაშაული" განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი ასეთ ფორმულირებებსა და განცხადებებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება და შესწავლის გარეშე არ იმეორებს რომელიმე ცალკეული სახელმწიფოებისა და თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გაჟღერებულ პოზიციებს.