იტალიის პრემიერი: იტალიას სურს, რომ უკრაინა ევროკავშირში იყოს

უკრაინამ "გმირული" წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ფედერაციას, რომელიც მის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, იტალია მუდმივ დახმარებას უწევს უკრაინელ ლტოლვილებს და სამხედრო დახმარებას უგზავნის კიევს. 22 მარტს განაცხადა იტალიის პრემეირმა მარიო დრაგიმ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იტალიის პარლამენტში მიმართვის კომენტირებისას.

"რუსეთის ხელისუფლების ამპარტავნება შეეჯახა უკრაინელი ხალხის ღირსებას, მათ მოახერხეს მოსკოვის ექსპანსიონისტური მიზნების შეკავება და უზარმაზარი ზიანი მიაყენეს ოკუპანტს". - თქვა დრაგიმ.

დრაგიმ იტალიელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ხანგრძლივი პროცესია და ქვეყნამ სრული ინტეგრაციისთვის მრავალი რეფორმა უნდა გაატაროს, მაგრამ ის უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა.

"იტალია ამ პროცესში უკრაინის მხარესაა და სურს, რომ უკრაინა იყოს ევროკავშირში", - უთხრა დრაგიმ ზელენსკის. 

ზელენსკიმ იტალიის პარლამენტში გამოსვლისას საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მხარი დაუჭირონ რუსეთთან ვაჭრობის სრულ ემბარგოს, პირველ რიგში ნავთობსა და გაზზე. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსული ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებული მოულოდნელი მოგებით დააფინანსა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიღებული ზომები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, რადგან რუსეთს საომარი მოქმედებები არ შეუწყვეტია.

 

მსგავსი სიახლეები