ჯონსონი უკრაინას ევროკავშირის ალტერნატიული ალიანსის შექმნას სთავაზობს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის გარეთ ახალი ალიანსის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ Corriere Della Sera 26 მაისს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გარდა დიდი ბრიტანეთისა და უკრაინისა, ალიანსში შესაძლოა პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და შემდგომ ეტაპზე - თურქეთი შევიდეს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ჯონსონმა ეს იდეა პირველად 9 აპრილს კიევში ვიზიტის დროს წარმოადგინა, ახლა კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ის ევროკავშირს ალტერნატივას სთავაზობს, რომელიც გააერთიანებს ქვეყნებს, რომლებიც "ბრიუსელის არ ენდობიან, ასევე უკმაყოფილო არიან გერმანიის პასუხით რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში".

ჯონსონი თვლის, რომ ეს უნდა იყოს "სახელმწიფოების ალიანსი, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტი, ეკონომიკურად ლიბერალური პოლიტიკა და რაც შეიძლება შეურიგებელი პოზიციები მოსკოვის სამხედრო საფრთხესთან".

გამოცემის ცნობით, კიევმა მოლაპარაკებებში აქტიური პოზიცია არ დაიკავა, მაგრამ არც იდეაზე თქვა უარი. ზელენსკი სავარაუდოდ მოუთმენლად ელის ევროკავშირის სამიტს 23 ივნისს, როდესაც 27 ქვეყნის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ მისცემენ თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსს და დაიწყება თუ არა ოფიციალური მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

"ბუნდოვანი პასუხის" შემთხვევაში, როგორც სტატიაშია ნათქვამი, ზელენსკი უფრო სერიოზულად მიიღებს ჯონსონის წინადადებას.

 

მსგავსი სიახლეები