კაჩინსკი მთავრობას ტოვებს და პარტიულ საქმიანობაზე კონცენტრირებას გეგმავს
პოლონეთის მმართველი პარტიის, "კანონის და სამართლის" ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ის 2022 წლის დასაწყისში მთავრობას დატოვებს.
72 წლის კაჩინსკი ამჟამად ვიცე-პრემიერია ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით. ასევე, ის "კანონის და სამართლის" ლიდერი და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლტიკოსია.
კაჩინსკის პარტია ხელისუფლებაში 2015 წელს მოვიდა. 2020 წელს მმართველი კოალიცია მცირე ნაციონალისტურმა პარტიამ დატოვა, რასაც მთავრობაში შიდა დაპირისპირებებიც მოჰყვა.
კაჩინსკი მედიაში თითქმის უხილავი პერსონაა, მათ შორის ისეთ საკითხებზეც, რაც მისი პორტფელის ნაწილია.
პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 2023 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა, ქვეყნის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მყიფე უმრავლესობის გამო შესაძლოა კაჩინსკიმ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
"კანონი და სამართალი" ტყუპმა ძმებმა - ლეხ და იაროსლავ კაჩინსკებმა 2001 წელს დაარსეს და მას შემდეგ ეს პოლიტიკური ძალა პოლონურ პოლიტიკაში დომინირებს.
იაროსლავ კაჩინსკი 2003 წლიდან პარტიის ლიდერია. 2006-07 წლებში ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.