კანადამ რომან აბრამოვიჩის აქტივების კონფისკაცია დაიწყო
კანადის მთავრობა რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს სანქციებით დაყადაღებულ 26 მილიონი დოლარის აქტივებს ჩამოართმევს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ კანადა კომპანია Granite Capital Holdings Ltd.-ს 26 მილიონ დოლარს ჩამოართმევს. ეს კომპანია სწორედ სანქცირებულ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. ქვეყნის ხელისუფლება ამ თანხების კონფისკაციას შეეცდება.
მელანი ჯოლი ახლა სასამართლოს მიმართავს სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თუ კონფისკაცია მოხდება, თანხები შეიძლება უკრაინის აღსადგენად და პუტინის რეჟიმის უკანონო და გაუმართლებელი შემოჭრის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის დაიხარჯოს.
"ომის დაწყებიდანვე გავაფრთხილეთ პუტინი და მისი თანამზრახველები, რომ ისინი ვერ დაემალებიან თავიანთი ქმედებების შედეგებს. კანადა გააგრძელებს ზეწოლას რუსეთის რეჟიმზე და მათზე, ვინც ისარგებლა პუტინის ბარბაროსული ინტერვენციით. რადგან უკრაინელები აგრძელებენ ვაჟკაცურ ბრძოლას იმ მიწის დასაბრუნებლად, რომელიც მათ კანონიერად ეკუთვნით, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას რამდენ ხანსაც დასჭირდებათ", - განაცხადა მინისტრმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კანადა იყენებს თავის ახალ უფლებამოსილებებს, რაც მთავრობას საშუალებას აძლევს, სანქციების ქვეშ მყოფ პირებს საკუთრება ჩამოართვას.