ხამენეი პუტინს: თქვენ რომ არ აგეღოთ ინიციატივა, უკრაინაში ომს ნატო დაიწყებდა

ვლადიმირ პუტინი ირანში ვიზიტის ფარგლებში უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის და პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის შეხვდა.

პუტინთან საუბარში ხამენეიმ ნატო „საშიშ ქმნილებად“ მოიხსენია.

„ომი ძალადობაა და რთული საკითხია, ირანის ისლამური რესპუბლიკა წუხს, რომ მასში მშვიდობიანებიც არიან გახვეულები. მაგრამ რაც შეეხება უკრაინას, თქვენ რომ არ აგეღოთ ხელში ინიციატივა, ამას მეორე მხარე იზამდა და [უკრაინაში] ომს გამოიწვევდა“, - განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა ხამენეიმ.

პუტინმა და რაისიმ რუსეთს და ირანს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა განიხილეს.

პუტინის ვიზიტს რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომსა და ირანის ნაციონალურ ნავთობ-კომპანიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მოჰყვა.

რუსეთი ირანში ქიშის და ჩრდილოეთ ფარსის ბუნებრივი აირის საბადოების, ასევე ექვსი ნავთობ-საბადოს ექსპლუატაციას შეძლებს.

ირანს რუსეთის შემდეგ ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მარაგები აქვს.

მსგავსი სიახლეები