ხამენეის მრჩეველი: ირანი ბირთვული ბომბის შესაქმნელად ტექნიკურად მზადაა

ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა ქამალ ხარაზიმ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღის დასამზადებლად „ტექნიკური საშუალება“ უკვე გააჩნია.

„სულ რამდენიმე დღეში ურანს 60 პროცენტამდე გავამდიდრებთ, საიდანაც 90 პროცენტიანი ნიშნულის მიღწევა ძალიან ადვილად შეგვიძლია [რედ. ბირთვული ბომბის დასამზადებლად საჭირო ნიშნული]“, - განაცხადა ქამალ ხარაზიმ Al Jazeera-სთან ინტერვიუში.

თუმცა, ხამენეის მრჩეველი აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ თეირანში პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმებით, ირანს ურანის მხოლოდ 3,67 პროცენტამდე გამდიდრების უფლება აქვს, რაც სამოქალაქო ენერგეტიკისთვისაა საჭირო.

2018 წელს პაქტის აშშ-ს მიერ დატოვების შემდეგ თეირანი ურანის დასაშვებზე მეტად გამდიდრებას შეუდგა.

ცოტა ხნის წინ დოჰაში ამერიკულ და ირანულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რომელიც მიზნად ბირთვული შეთანხმების პროცესის ჩიხიდან გამოყვანას ისახავდა მიზნად.

გასულ კვირაში ისრაელის ვიზიტის დროს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს, რათა ირანმა ბირთვული იარაღის შექმნა ვერ შეძლოს.

„აშშ ბირთვული შეთანხმების აღდგენას სამარადჟამოდ ვერ დაელოდება“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.


გასული წლის ნოემბრის შემდეგ ირანს და ბირთვული ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის აშშ-ს შორის შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

2015 წელს დადებული შეთანხმება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

 

2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმების აღდგენას ისახავს მიზნად, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

მსგავსი სიახლეები