ხარკივი მორიგ ჯერზე კამიკაძე-დრონების სამიზნე გახდა
4 აპრილს, დილით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჯამში 20 ერთეული Shaheed-ის ტიპის კამიკაძე-დრონი გამოიყენა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიხედვით, მათგან მხოლოდ 11 ერთეულის განეიტრალება მოხერხდა.
ხარკივის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ სულ მცირე 15 კამიკაძე-დრონი იქნა გამოყენებული ქალაქის წინააღმდეგ. დრონებით შეტევა ინტერვალებით ხდებოდა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიში 4 კამიკაძე-დრონით განხორცილდა. ქალაქის საოლქო პროკურატურის მიხედვით, თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი მძიმედ დაშავდა.
„ნოვობავარსკის უბანში დაფიქსირდა 4 კამიკაძე-დრონის მოხვედრა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, სავაჭრო პავილიონები, აფთიაქები, ავტომანქანები, სამედიცინო დაწესებულებები და ა.შ.“ - აცხადებს ხარკივის საოლქო პროკურატურა.
უკრაინული მედიის მიხედვით, როდესაც სამაშველო ჯგუფები თავდასხმის წერტილებში მივიდნენ, შეტევა განმეორდა, რასაც, 3 მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კონტექსტი
ბოლო თვეების განმავლობაში, ქალაქი ხარკივი რუსეთის მხრიდან სხვადასხვა საშუალებებით ინტენსიურად იბომბება. ძირითად სამიზნეებს ენერგეტიკული და სხვა სახის კრიტიკული ინფრატრუქტურა წარმოადგენს, თუმცა, ხშირია საცხოვრებელი შენობების დაზიანების შემთხვევები.